რაც საქართველოს კონსტიტუციაში წერია, არ შეიძლება, ფორმალობა იყოს, - ასე ეხმაურება ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი გიორგი ცაგარეიშვილი პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით მისვლის მნიშვნელობას და მასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მოსაზრებას.
დეპუტატის აზრით, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით უნდა დაესწროს.
"არ მგონია, ის რაც კონსტიტუციაში წერია, ფორმალობის რაიმე ნიშანი ჰქონდეს. მაშინ კანონმდებელი ამ დებულებებს კონსტიტუციაში არ ჩაწერდა და არ დაამკვიდრებდა კულტურას, როცა პრეზიდენტი პარლამენტში მოდის და ყოველწლიურ ანგარიშს წარმოადგენს. ვფიქრობ, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა სრული შემადგენლობით, პრემიერის ხელმძღვანელობით ამგვარ გამოსვლებს უნდა ესწრებოდეს. არ შეიძლება აქ ფორმალიზმის რაიმე ელემენტი აღმოვაჩინოთ. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა, ასეთი იყო ყოველთვის და ასეთად დარჩება მომავალში. სახელმწიფოს მეთაურის პარლამენტში გამოსვლას აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, მინისტრთა კაბინეტმა უნდა მოუსმინოს, შემდეგ შესაძლებელია რამე იყოს გაზიარებული ან არგაზიარებული. ის რომ, ეს ადამიანები პარლამენტის სხდომათა დარბაზში უნდა იყვნენ, ამას წყალი არ გაუვა", - აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საჭიროდ არ მიიჩნევს, პარლამენტში პრეზიდენტის სიმბოლურ გამოსვლას მინისტრებიც დაესწრონ.