„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა 100,000 მოსახლეზე პატიმართა რაოდენობით.
ორგანიზაციის შეფასებით, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ფაქტები მართლაც საგანგაშოა.
ლონდონში არსებული ორგანიზაციიის, International Centre for Prison Studies-ის მონაცემებით, 2003 წელს, 100,000 მოსახლეზე 148 პატიმრის მაჩვენებლით, საქართველო 59-ე ადგილს იკავებდა 155 სახელმწიფოს შორის.
2012 წლისთვის კი 539 პატიმრით 100,000 მოსახლეზე საქართველო უკვე მე-4 ადგილზეა 216 ქვეყანას შორის. ამ მხრივ, საქართველომ უკვე გაუსწრო მე-6 ადგილზე მყოფ რუსეთს, რომელიც მანამდე მესამე ადგილს იკავებდა (http://www.prisonstudies.org/info/worldbrief/wpb_stats.php?area=all&category=wb_poprate).
ევროპის მასშტაბით, იგივე მონაცემების მიხედვით, საქართველო უკვე პირველ ადგილს იკავებს და მან აქაც უკან ჩამოიტოვა რუსეთის ფედერაცია (http://www.prisonstudies.org/info/worldbrief/wpb_stats.php?area=europe&category=wb_poprate).
ორგანიზაციის განცხადებით, როგორც წარმოდგენილი მონაცემებიდან ჩანს, ამ მიმართულებით, საქართველოს ხელისუფლებამ ნამდვილად „დაამარცხა“ რუსეთი და წინ გაუსწრო მას. გამოვხატავთ წუხილს, რომ თუ ასე გაგრძელდა, საქართველომ არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს მასშტაბის ანტირეკორდი შეიძლება დაამყაროს: „საინტერესოა, რომ საქართველოში ჩატარებული ყველა ე.წ. დამოუკიდებელი კვლევა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა ქვეყანაში კრიმინალის შემცირებაზე მიუთითებს. ხელისუფლება ხშირად ცდილობს, საქართველო „ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად“ წარმოაჩინოს.
ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ციფრები კი, ფაქტობრივად, საპირისპიროს ამტკიცებს. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიწყოს სისხლის სამართლის პოლიტიკის რეალური ლიბერალიზაცია და უარი თქვას მოჩვენებით, კოსმეტიკურ ცვლილებებზე“.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებით, საპატიმროების გადატვირთულობის აღმოსაფხვრელად ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა. შესაბამისად, დღის წესრიგში უნდა მოხვდეს:
სასამართლო პრაქტიკაში სასჯელთა შეკრებადობის პრინციპის გაუქმება; საზოგადოებისათვის ნაკლებად საშიში დანაშაულების დეკრიმინალიზაცია და ზოგადად, „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის შეცვლა ჰუმანური პოლიტიკით; არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება; პატიმართა რესოციალიზაციის მიზნით, მსჯავრდებულთა დასაქმების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, სასწავლო და სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება; პატიმართა ჯანმრთელობის უფლების დაცვა; არასრულწლოვან პატიმართა მდგომარეობის გაუმჯობესება; საპატიმროებში საზოგადოებრივი მონიტორინგის დაშვება; ევროკავშირის სტანდართებთან შეუსაბამო კანონმდებლობის შეცვლა.
ამავე დროს, ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, პირნათლად შეასრულოს ევროპარლამენტის 2011 წლის 17 ნოემბრის რეზოლუცია, რომელიც შეიცავს ევროპარლამენტის რეკომენდაციებს მინისტრთა კაბინეტის, ევროკომისიისა და EEAS (ევროკავშირის საგარეო ქმედებების სამსახური) მიმართ ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების თემაზე გასამართი მოლაპარაკებების შესახებ.
ამ რეზოლუციით ევროპარლამენტი „მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუმჯებოსოს არსებული პირობები ციხეებსა და დაკავების ცენტრებში, გააგრძელოს სახალხო დამცველის მხარდაჭერა უფლებადარღვევის ფაქტების მონიტორინგის დროს და გაუადვილოს სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ციხეებსა და დაკავების ცენტრებში ადამიანების მონახულება“.
თავის მხრივ, საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციის „ჰუმან რაითს უოჩის“ ბოლო ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალადარღვევათა კოდექსი ადამიანის უფლებებს არღვევს. ინფორმაცია ორგანიზაციის უფროსმა მკვლევარმა ევროპასა და შუა აზიაში და ანგარიშის ავტორმა, გიორგი გოგიამ გაავრცელა.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა რეგულირების არსებული სისტემა არღვევს ბრალდებულის უფლებებს სათანადო სამართლებრივ პროცედურებზე“, – ნათქვამია გამოქვეყნებულ ანგარიშში. საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს სისტემის რეფორმას, მაგრამ მან უნდა გაატაროს გადაუდებელი ზომები ბრალდებულთა უფლებების უზრუნველყოფის მიზნით.
41-გვერდიანი მოხსენება სათაურით: „ადმინისტრაციული შეცდომა: საქართველოს ადმინისტრაციული პატიმრობის არასრულყოფილი სისტემა“ აანალიზებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, რომელიც ნაკლებად მძიმე სახის დანაშაულსა და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას არეგულირებს და ასკვნის, რომ კოდექსი არ ითვალისწინებს სათანადო სამართლებრივ პროცედურებსა და საქმის სამართლიანი განხილვის უფლებების გარანტიებს.
1984 წელს მიღებული კოდექსი ითვალისწინებს 90-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებისთვის, მაგრამ პოლიციისგან არ მოითხოვს, რომ მან დაუყოვნებლივ მიაწოდოს ბრალდებულს ინფორმაცია მისი უფლებების ან დაკავების მიზეზების შესახებ.
დაკავებულ პირს ხშირად უფლებასაც არ აძლევენ, რომ ოჯახის წევრებს დაუკავშირდეს. ადვოკატებს, აგრეთვე, სირთულეები ხვდებათ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მოძიებაში.
სასამართლო სხდომები უმეტესად ფორმალურად ტარდება. დაკავებული პირები ისეთ ადგილებში იხდიან სასჯელს, სადაც 72 საათზე მეტი ხნით ადამიანების გაჩერება გათვალისწინებული არ არის და, სადაც პირობები არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.
„დაკავებული პირი სისტემის რეფორმირების დასრულებას არ უნდა ელოდეს იმისათვის, რომ მისი ძირითადი უფლებები დაცული იყოს და მას პატივისცემით მოეპყრან“, – ამბობს გიორგი გოგია.
მისივე განმარტებით, მოძველებული კოდექსის ცვლილებებზე მუშაობა ნამდვილად იმედისმომცემი ფაქტია, მაგრამ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების შესავსებად სასწრაფო ზომებია მისაღები:
„ამ უკანასკნელი წლების მანძილზე, ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის ზრდისას, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმებს მიმართავდნენ აქტივისტებისა და საპროტესტო აქციებში მონაწილე ადამიანების დასაკავებლად“.
ანგარიშის მიხედვით, 2011 წელს საქართველომ მოამზადა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახალი პროექტი, მაგრამ ივლისში საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კოდექსის ვარიანტი მაინც არ აკმაყოფილებს საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ნაკისრ ვალდებულებებს.
საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფო ზომები უნდა გაატაროს იმისათვის, რომ საქმის სამართლიან განხილვაზე ნებისმიერი დაკავებული პირის უფლება სრულად შეესაბამებოდეს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებს.
ამისათვის ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სავარაუდო ჩადენისთვის დაპატიმრებულ პირს შეეძლოს, შეატყობინოს მესამე მხარეს თავისი ადგილსამყოფელი, ისარგებლოს დამცველის მომსახურებით და სამართლიანი სასამართლოს უფლებების სრული დაცვით მოხდეს მისი ადმინისტრაციული საქმის სამართალწარმოება.
„ჰიუმან რაითს უოჩის“ ანგარიში ემყარება ინტერვიუებს, რომლებიც აღებულია ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ათეულობით პირის ადვოკატებისგან,
პატიმრობამოხდილი ექვსი პირისგან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სასამართლოს მიერ დაჯარიმებული ორი პირისა და ხელისუფლების მაღალჩინოსანი წარმომადგენლებისგან. თითქმის ყველა რესპონდენტი, რომელსაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული, ოპოზიციის საპროტესტო აცქიებში მონაწილეობისთვის იყო დაკავებული.
როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, საქართველოს სამართლებრივ სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევა საზოგადოებრივი წესრიგის მსუბუქი დარღვევაა და მას არ მოჰყვება ნასამართლეობა. თუმცა საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, გარკვეული სახის ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის მაქსიმალური 90-დღიანი ვადის შეფარდება სისხლის სამართლის სასჯელს უტოლდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ 2011 წლის განმავლობაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 31 ადამიანს მიესაჯა 90-დღიანი პატიმრობა, 132 ადამიანს – 60-დღიანი და 343-ს - 30- დღიანი.
მაგრამ, როგორც „ჰიუმან რაითს უოჩმის“ კვლევამ აჩვენა, დაცვის ისეთი ძირითადი საშუალებები, როგორიცაა, მაგალითად, დაკავებული პირისთვის მისი დაკავების მიზეზების განმარტება ან მისთვის ოჯახის წევრების შეტყობინების უფლების მიცემა, უფრო სუსტი ან ბუნდოვანია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ვიდრე ანალოგიური გარანტიები, რომლებსაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩამდენი პირების უფლებას სათანადო სამართლებრივ პროცედურებზე არც სასამართლო იცავს.
ორგანიზაციის მიერ შესწავლილი საქმეებიდან ჩანს, რომ სასამართლო სხდომა იშვიათად გრძელდება 15 წუთზე მეტს და მოსამართლის გადაწყვეტილება უმეტესწილად პოლიციელის მიერ მიცემულ ჩვენებას ეყრდნობა. იმ შემთხვევებშიც კი, როცა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მიცემული პირები ახერხებდნენ ადვოკატის აყვანას, მათ არასათანადო დრო ეძლეოდათ ეფექტური დაცვის განსახორციელებლად.
ორგანიზაციის მიერ შესწავლილ ორ საქმეში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ეჭვმიტანილ პირებს სასამართლო დარბაზში აშკარად აღენიშნებოდათ სხეულის ფიზიკური დაზიანებები, მაგრამ მოსამართლეებს ამის თაობაზე კითხვაც არ დაუსვამთ:
„ამას გარდა, ორგანიზაციის მიერ გამოკითხულმა ყველა იურისტმა ისაუბრა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ხელის შემშლელ გარემოებებზე, რაც ამ უფლებას ფაქტობრივად აზრს უკარგავს. ვინაიდან შესაძლო სასჯელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის უტოლდება სისხლის სამართლის სასჯელს, ნებისმიერი პირი, რომელსაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება, უნდა სარგებლობდეს სათანადო სამართლებრივი პროცედურებისა და სამართლიანი სასამართლოს ისეთივე უფლებებით, როგორებითაც სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირები სარგებლობენ და თვითნებური დაკავების წინააღმდეგ იგივე გარანტიები უნდა ჰქონდეთ“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთგზის განაცხადა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ადმინისტრაციულ პატიმრობას იყენებენ, ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ სათანადო სამართლებრივი პროცედურებისა და საქმის სამართლიანი განხილვის გარანტიები იმისთვის, რომ დააკმაყოფილონ ის სტანდარტები, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ითხოვს წევრი სახელმწიფოებისგან.
„თავად საქართველოს ინტერესებშია, რომ მოაწესრიგოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. თუ ამას არ გააკეთებს, დიდია ალბათობა იმისა, რომ ქვეყანა არაერთ საქმეს წააგებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, - ამბობს გიორგი გოგია.
როგორც „ჰიუმან რაითს უოჩი“ აღნიშნავს, პრობლემას წარმოადგენს, აგრეთვე, პატიმრობის პირობები. დაკავებული პირები სასჯელს იხდიან დროებითი მოთავსების იზოლატორებში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
ამ იზოლატორებში უმეტესად სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულებს ათავსებენ ბრალის წაყენებამდე და წინასწარი პატიმრობის ადგილებში გადაყვანამდე, არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში. აქ გათვალისწინებული არ იყო ადამიანის უფრო დიდი ხნით გაჩერება:
„მართალია, ამ ბოლო წლებში ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა დროებითი მოთავსების იზოლატორების განახლებისა და შეკეთებისთვის, მაგრამ კიდევ მეტის გაკეთებაა საჭირო ძირითადი საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის ყოველდღიურად შხაპის მიღებისა და სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლებების, დასაკმაყოფილებლად“.
„ანგარიშები, რომლებიც წამების საწინააღმდეგო ევროპულმა კომიტეტმა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარტმა მოამზადეს და, აგრეთვე, ყოფილი პატიმრების ჩვენებები მიუთითებენ იმაზე, რომ პატიმრობის პირობები ამ იზოლატორებში ხშირად არ აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს.
საქართველოს ხელისუფლებამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს. თუმცა, ვიდრე ეს მოხდებოდეს, ის ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული ნებისმიერი პირი სარგებლობდეს ადამიანის ძირითადი უფლებებით, - აცხადებს გიორგი გოგია.
845
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85