„და ჩემი ბიბლია მეუბნება, რომ წითელი პარასკევი ყოველთვის აღდგომამდე დგება. გვირგვინის მორგებამდე, ჯვარი უნდა ვზიდოთ.
დაე ვზიდოთ იგი - ვზიდოთ იგი სიმართლისათვის,
ვზიდოთ იგი სამართლიანობისთვის და ვზიდოთ იგი მშვიდობისათვის“
„And my bible tells me that Good Friday comes before Easter.
Before the crown we wear, there is the cross that we must bear.
Let us bear it--bear it for truth, bear it for justice, and bear it for peace.“
მარტინ ლუთერ კინგი ჯუნიორი/Martin Luther King Jr.
ფრაგმენტი გამოსვლიდან
„Why I Am Opposed to the War in Vietnam“, 1970 წლის 30 აპრილი
დოქტორმა კინგმა ამ სიტყვებით ამერიკელებს მიმართა ვიეტნამში ამერიკელების სასტიკი ომის დროს. იგი ამერიკელი იყო სულით ხორცამდე, მაგრამ წინააღმდეგი იყო ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნისა ამ ომში და წინააღმდეგი იყო იმ მთავრობისა, რომელიც ამ ომს აწარმოებდა აზიაში. იგი იმ სიმართლეს ამბობდა, რომელიც ადამიანების გულებამდე მიდიოდა. სიმართლის გამო იგი მოკლეს.
მუდმივად ვცდილობ არ ვისაუბრო პოლიტიკაზე და თან არც დოქტორი კინგი ვარ (სამწუხაროდ) რომ ადამიანების გულებს მივწვდე ჩემი სიტყვით. თანაც, ვფიქრობ, უცხოებთან პოლიტიკაზე საუბარი უმადური დარგია: ბევრს არ აინტერესებს რა ამბობ, ბევრს არ სიამოვნებს და აღიზიანებს ასეთი საუბრები; ბევრი არ გეთანხმება და არც სურს შენი ვერსიებისა და მოსაზრებების მოსმენა. ეს ყველაფერი გასაგებია და ყველას აქვს უფლება ასე იფიქროს ან მოიქცეს. თუმცა, დგება დრო, როდესაც ნეიტრალურობა და თავშეკავებულობა, ცუდის სამსახურში დგება და სიმართლის თქმა აუცილებელი ხდება. სიმართლის თქმა, ხშირად, კრიტიკულ შეფასებებს გულისხმობს. თუმცა, ჩვენში რატომღაც პირიქითაა და მოვლენების კრიტიკულად შეფასებას პოლიტიკაზე საუბარს ეძახიან. ხოლო სიმართლის თქმას - ფუჭი კამათის დაწყებას. მე ამ ცნებებს სხვაგვარად აღვიქვავ და ამიტომაც, ხშირად, ჩემთვისვე მოულოდნელად, კამათის შუაგულში აღმოვჩნდები-ხოლმე.
დღევანდელი ჩვენი სამშობლოსა და მასში მიმდინარე ცხოვრების შესახებ სიმართლე უნდა ითქვას, ამ სიმართლის მიჩქმალვა არ შეიძლება და ეს სიმართლე უნდა გავიზიაროთ. სიჩუმე დღეს დანაშაულს ჰგავს.
დღევანდელობაზე, ჩემი აზრით, ერთი რამ შეიძლება ხმამაღლა ითქვას - ცხოვრება ძალადობის ფონზე.
ძალადობა ეს არის ის სიტყვა და მდგომარეობა, რომლითაც შეიძლება აღინიშნოს 21-ე საუკუნე დამოუკიდებელ საქართველოში. ძალადობა ჩვენთან უკვე ყველაფერს შეეხო და მან ცხოვრების უკვე ყველა სფერო მოიცვა.
შევარდნაძის გვიანდელი, ავადსახსენებელი და დაბლობის მდინარესავით, ტაატით მიმდინარე, უხეირო ეპოქის შემდეგ, ახალმა მოსულმა „ახალმა“ ქართველებმა, სააკაშვილის მეთაურობით, მოხუცი მასწავლებლის გადასწრება მოინდომეს და თავიანთი სამშობლო, აქამდე არნახული ძალადობის ბურუსში გახვიეს: გააიხსენეთ „ვარდოსნების“ მოწყობილი „სამაგალითო“ ტელედაჭერები, სახელისუფლებო არხების მიერ ძალადობის დაუსრულებელი პროპაგანდა, კოდორის „სასახელო“ ოპერაცია, პოლიციის მიერ ახალგაზრდების ლიკვიდაციის ოპერაციები თბილისში და სხვა ქალაქებში, ნოემბრის მიტინგის დარბევა, „ტელეიმედის“ შტურმით აღება, „სამთავრობო“ ჟურნალისტების უგულო და კაცთმოძულე ტექსტები, დიღმის პოლიციის სამმართველოსთან ამოთხრილი თვალები და გაჩეხილი თავები, „მუხროვანი-2“ -ის ამბოხი და ბრალდებულების ლიკვიდაციის საიდუმლოებით მოცული ოპერაცია, ცხინვალის ოპერაციის ღამის კანონადა, მიმდინარე წლის 26 მაისის მიტინგის დარბევა და ხანდაზმულების, ახლაგაზრდა თაობის პოლიციელების მიერ უმოწყალო ცემა-ტყეპა, ბიძინა ივანიშვილის ბანკის საინკასაციო მანქანის დაპატიმრება, პალიკო კუბლაშვილის კანონების დაჩქარებული წესით „მიღება“, პარლამენტის ქუთაისში გადატანა საქართველოს ხალხთან შეუთანხმებლად, ნაცების მიერ მართული საარჩევნო კამპანიები, პატიმართა წამება და მათ ჭირისუფალთა პერმანენტული დატერორება...სამწუხაროდ, სია არასრულია და მისი გაგრძელება ადვილად შეიძლება...
ბუნებრივია, რომ ამდენი ძალადობრივი ისტორიის გახსენების შემდეგ, თავს ვერ ვიკავებ, როგორც ქართველი, როგორც საქართველოს მოქალაქე, ამომრჩეველი, მეუღლე, მამა და მსურს ჩავება იმ უკვე აუტანელ და მომაბეზრებელ დისკუსიაში, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე გრძელდება და, რომელიც ჩვენს „გაძაღლებულ“ ყოფას ეხება.
მოკრძალებით, ოღონდ გულით, მინდა ვთქვა ერთი რამ: საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა, ადამიანისათვის, გამაოგნებელია. ეს რეალობა საშიშია და არავის არ გვსურს რომ ეს „ყველაფერი“ ასევე გაგრძელდეს. ხელისუფლებისა და ხალხის დაპირისპირება მალე, შეიძლება საბედისწერო ზღვარს მიუახლოვდეს და მერე უკვე გვიან იქნება სიმართლის თქმა და თითზე კბენანი....
ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა და მისი მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, განსხვავებულად გამოიყურება, ვიდრე, ვთქვათ, პოლიტიკა აზერბაიჯანში, უკარაინაში ან თუნდაც პატარა მოლდოვაში, რომელიც აშკარად პროგრესის გზას დაადგა და ალბათ მალევე ამოყოფს თავს დალხინებულ ევროკავშირში. აღარაფერს ვამბობ პოლიტიკურ პროცესებზე აღმოსავლეთ ევროპულ თუ აზიის მეტ-ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში.
საქართველოში, მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენები სიურეალისტური ან უფრო მეტიც, ხანდახან, ოპერეტული, იაფფასიანი და გამაღიზიანებელი ტონებით აღინიშნებიან. ომგადატანილ ქვეყანას შაკირას, ძალიან გვიანდელი კუტუნიოსა და პენსიაში გასული დე ბურგის „სიმღერებით“ ართობენ; ჩვენი დაკარგულ მიწაწყლის თემაზე იაფფასიან მუსიკალურ კლიპებს იღებენ და შემდეგ ამ კლიპში გადაღებულ მომღერალ - „შოუმენებს“ ღირსების ორდენებს ურიგებენ; 2008 წლის ომზე, რომლზეც ჩვენ, მოქალაქეებმა, ბევრი არაფერი ვიცით, სააკაშვილი ფუჭ და ყალბ „საპარლამენტო კომისიას“ ქმნის და მის დასკვნებს სიმართლის ბოლო ინსტანციად „გვასაღებს“; ვიღაც მავანნი, იაფფასიან ამერიკელ რეჟისორს ომზე ფილმს უკვეთავენ და ხელმეორედ აწყობენ 2008 წლის 12 აგვისტოსდარ სამარცხვინო შეკრებას მრავალჭირნანახ რუსთაველის გამზირზე, ამჟამად ფილმისათვის ე.წ. „მასოვკის“ კადრების გადასაღებად...სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!
რაღაც ხდება, თუმცა ხდება უფრო ჩვენს აღქმაში და არა რეალობაში. ასევე რაღაც ხდება სინამდვილეში, ოღონდ ჩვენს მიერ ამის აღქმის გარეშე. „გამოცხადებული სიცრუის პროპაგანდას“ წამყვანი როლი აქვს „ვარდოსანთა“ მიერ დაგეგმილი რეალობის შექმნაში, ხოლო რეალური პოლიტიკური თუ ეკონომიკურ-სოციალური პროცესები, ჩვენი ყურადღებისა და ანალიზის მიღმა რჩება. ისინი თავიანთი, დამოუკიდებელი ცხოვრებით ცხოვრობენ და მათ შესახებ ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით. ფრაგმენტული და წინააღმდეგობრივია უცხოელი ანალიტიკოსების, ან სოციოლოგიური სააგენტოების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ან „რეიტინგები“, რომლებშიც საქართველო, ხან, ეგზოტიკური უგანდისა და მოზამბიკის გვერდით, ხანაც ევროკავშირის ქვეყნების „საპატიო“ რიგში ხვდება-ხოლმე. რეალობა კი, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს - კვლავ დაფარულია.
რა დონემდე შეიძლება საზოგადოების მოთხოვნების უგულვებელყოფა? რამ უნდა აიძულოს ხელისუფალი გახდეს ხალხისა და ქვეყნის მსახური? სადამდე შეიძლება ქვეყნის მართვა ისე, რომ არ ფიქრობდე მოსალოდნელ შედეგებზე? სამწუხაროდ, ამ კითხვებზე პასუხები არ ვიცით... არც ვინმე იწუხებს თავს ამ პასუხების გასაცემად.
საქართველოში არსებული არანორმალური რეალობის აღქმა, მისი ანალიზი და კრიტიკული შეფასება, პრობლემების ჩამოყალიბება, მათი გადაჭრის გზების ძიება ან არ ხდება, ან ხდება, მაგრამ ჩვენ არაფერს გვეუბნებიან ამ ანალიზის შედეგების შესახებ.
ოქტომბერში პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენილ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც მანამდე ბევრი არავინ იცნობდა, „პუტინის ბოლო რუსული პროექტის“ იარლიყი მიაკერეს, მოქალაქეობა გაუუქმეს და მისი შიშით, ლამის არის „ფულის ერთეულიც გააუქმონ...“ რა თქვა ამ კაცმა უცნაური? პარლამენტში რომ სურს უმრავლესობით მოსვლა? განა ეს უცნაურია პოლიტიკისათვის?
„ნაცმოელების“ მიერ ქვეყნის მართვა კი კვლავ მარტივ იმპერატიულ ფორმულებამდეა დაყვანილი. მათ მუდამ იაფფასიანი სატელევიზიო რეკლამის სურნელი აქვთ, მათი სინტაქსი, დიდი-დიდი გაზეთ „პრაიმ-ტაიმის“ დონეზეა და ისინი ე.წ. „ტვინის გამორეცხვისათვის“ გამოიყენება:
- „ჩვენ გაგვყავს გზები - ისინი ძვირია, მაგრამ საჭიროა“...
- „ჩვენ შუქი მოგეცით - ნუ ხართ უმადურნი“...
- „ძალოვნებს თქვენზე 10-ჯერ მაღალი ხელფასები უნდა მივცეთ, თორემ მექრთამეებად იქცევიან“...
- „ჩვენ დავიჭირეთ ამფეთქებლები - ისინი რუსეთიდან მოგზავნილები არიან“...
- „მტერს არ სძინავს - თქვენც ნუ გძინავთ!“...
- „ნატოში უნდა შევიდეთ - ეს ჩვენი უსაფრთხოების საწინდარია!“...
- „ივანიშვილის ფული - რუსულია! გახსოვდეთ ეს!“...
- „მეორე ადგილზე ვართ რაღაცაში - სხვები ბოლო ადგილებზე არიან“...
- „საქართველო დემოკრატიის შუქურაა, თქვენც შესაბამისად მოიქეცით - ნუ ხართ საბჭოური აზროვნების“...
- „დესტრუქციული ძალები თავიანთი გაუთავებელი პროტესტით, ძირს უთხრიან სახელმწიფოს - თქვენც არ გაბედოთ იგივე!“...
- „გავდეთ შუშის ხიდი, ავაშენეთ ცათამბრჯენი - ეს მოიზიდავს ტურისტებს, ეს უნდა გაგიხარდეთ და გაიღიმოთ!“...,
- „ინფლაცია არის ყველა გაჭირვების მიზეზი - ეს გლობალური პროცესია, ჩვენ ვერაფრს გავაწყობთ, ჯერ-ჯერობით!“...
- „ამ რეფორმებს დრო სჭირდება - მოგვეცით კიდევ 10-15 წელი და ყველაფერს მოვაგვარებთ“...
- „ნუ მიუახლოვდებით საჯარო შენობას 30 მ-ზე - ეს დანაშაულია“...
- „ნუ აპროტესტებთ ახალ კანონს და პოლიტიკას - ეს აფრთხობს ინვესტორს!“... „ვიღაცეები ვამპირები და ზომბები არიან და წარსულში გვექაჩებიან. არ დაუჯეროთ მათ - ჩვენ დაგვიჯერეთ!“...
- „პარლამენტი ქუთაისში გადავა - ეს ქალაქს ააღორძინებს!“... და ა.შ.
წარმოიდგინეთ ერთი წამით, რა ამბავს აუტეხდნენ აშშ-ს ნებისმიერ პრეზიდენტს ან სხვა ამერიკელ ჩინოსანს, ასეთი ტიპის, იმპერატიული, უაპელაციო და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები და მოწოდებები რომ დასცდენოდა თავის მოქალაქეებთან საუბრისას. მას შეკითხვებს კი არ დაუსვამდნენ, არამედ უბრალოდ წალეკავდნენ აღშფოთებული ამერიკელი მოქალაქეები. მაგრამ ეს ხომ არავის ახსენდება, როდესაც დღევანდელი უმაღლესი ხელისუფალის მრავალსაათიან უხარისხო ტელემონოლოგებს ვისმენთ, თან ცუდი ქართულით.
რატომ არ გამოვთქვამთ საკუთარ აზრს?
აზრი არა აქვს საკუთარი აზრის გამოთქმას?
რატომ? არ მოგვისმენენ და იმიტომ?
მაშინ არაფერს არა აქვს „აზრი“. მაშინ დავეთანხმოთ „მის“ („მათ“) ნებისმიერ „აზრს“, მაგალითად ასეთს: „ხვალ, 7 ნოემბერს, 07:00 სთ-ზე, 70-ს გადაცილებული მოქალაქეები უნდა გამოცხადდნენ „ვარდების რევოლუციის მოედანზე“. ჩვენ მათ ორგანიზებულად, კეთილმოწყობილი ავტობუსებით, წავიყვანთ ფოცხო-ეწერში, კეთილმოწყობილ „ბებერთა ქალაქში“. იქ მათ განვასახლებთ და კეთილ-მოვაწყობთ“ - რა? არ მოგწონთ? რატომ? პროტესტს ხომ აზრი არა აქვს?
ტვინის უაპელაციო „გამორეცხვის“ ასეთ ლოზუნგებს ალბათ, კიდევ ბევრს დავეთანხმებით (გული მიგრძნობს), ამიტომ თავს დავანებებ ნიშნის მოგებას და შევეცდები შევეხო რამდენიმე საკითხს, რომლებიც, ვფიქრობ ერის და ქვეყნის ცხოვრებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია:
1) საქართველოში ტერიტორიების დაკარგვა, მტრის მიერ მათი დაპყრობა და იქიდან ჩვენი მოქალაქეების გამორეკვა, არ თუ ვერ გახდა, ჩვენი საერთო ეროვნული სატკივარი - ლტოლვილებს ისე ექცევიან (თითქმის ყველანი), თითქოს ეს პრობლემა მთლად ჩვენი არ იყოს და ეს ხალხი, საიდანღაც ჩამოვიდა ჩვენთან და უბრალოდ დისკომფორტს გვიქმნის, დემოკრატიული განვითარების ნათელ გზაზე შემდგარ ქართველებს.
2) რუსეთთან ომი ისე დაიწყო და დამთავრდა, რომ მთავრობას, ომის დროს, წესიერად არც უთქვამს ხალხისთვის, რომ ომია და საჭიროა მტერთან ბრძოლა, მობილიზაცია, თავის დაცვა, ევაკუაცია და სხვა, რაც საჭიროა ასეთ დროს. ამის მაგივრად, ჩვენ ყველანი, ტელევიზორით ვისმენდით ჩვენი გაუნათლებელი, ცუდად მეტყველი ტელეჟურნალისტების კომენტარებსა და ვუცქერდით მაღალი რანგის უცხოელთა გამოსვლებს და სამძიმარ მიმართვებს.
3) საქართველოში მცხოვრები, დაახლოებით მილიონნახევარი ადამიანი, მთავრობისგან სოციალურ დახმარებას ითხოვს. ითხოვს, რათა შიმშილით არ მოკვდეს და ფეხშიშველმა არ იაროს წვიმაში. ამას დიდ ყურადღებას არ აქცევს არც მთავრობა და არც დანარჩენი ხალხი (ანუ ისინი, ვინც არ ითხოვს იმ საცოდავ 40 ლარს), თითქოს ეს სხვაგან ხდებოდეს და არავის ეხებოდეს. არც მთავრობას ეუბნება ვინმე მკაცრად: წაეთრიეთ აქედან, ვიღაცეები ხართ, შავ კოსტიუმებში, რადგან 1.5 მილიონი ადამიანი (ანუ მთელი მოსახლეობის თითქმის 30-33%) ღატაკია და თავს ვერ ირჩენს, თქვენი სულელური და არაეფექტური მართვის გამო.
4) საქართველო უკვე 20 წელია ვერ დადგა ფეხზე და ვერ მიაღწია შედარებით წარმატებასაც კი: ვერ გამდიდრდა ე.წ. „საშუალო ფენა“. საშუალო ხელფასი საქართველოში 300-400 ლარია, რაც დღეში დაახლოებით 6 დოლარს შეადგენს. აშშ-ში და ევროკავშირში, 6 დოლარი, ერთ საათში (!) მისაცემი დაუბეგრავი ხელფასის მინიმალური ზღვარია!
5) ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, არ ვიცით დღემდე, საითკენ მივდივართ. ნატოსკენ? ნატოში შესვლა ვერ იქნება ქვეყნისა და ერის მიზანი. როდესაც შევალთ, მერე რაღა ვქნათ? უმიზნოდ ვიაროთ (თუნდაც ნატოს ფორმაში გამოწკეპილებმა)? ევროკავშირში გაწევრიანება და ევროპულ ფერხულში ჩაბმა? საქართველო არ ზის (ჯერ-ჯერობით) ევროკავშირის მიზნებში და მითუმეტეს, ფერხულში. ევროპა უამრავ პროგრამას იგონებს ჩვენთვის და ჩვენნაირი ქვეყნებისათვის, რათა არ მიგვიღოს თავის წევრ-სახელმწიფოდ.
რუსეთის იმპერიალიზმიდან გაქცევა-თავის დაღწევა? რაღაც ვერ გავრბივართ კარგად: რუსებს დიდი გავლენა აქვთ საქართველოზე და მათვე ეკუთვნით ბევრი მნიშვნელოვანი ბიზნესი ჩვენთან (ოქროს მოპოვება, ელეტროგენერაცია, გაზი), ხოლო ამერიკულ თუ ევროპულ კორპორაციებს ჩვენთან მუშაობის ინტერესი ჯერ არ გამოუჩენიათ. „ლივაისის“ ან „სისლეის“ ჯინსების სამკერვალო ფაბრიკა რაღა გახდა, რომ ისიც კი არ გაუხსნიათ საქართველოში?
რამდენიმე სევდიანი დასკვნა:
- ჩვენ ღარიბ ევროპელებსა და ამერიკელებზე 8-ჯერ უფრო ღარიბები ვართ (8-საათიანი სამუშაო დღის გათვალისწინებით) ;
- ჩვენი პენსიონერები, მათხოვრებივით ცხოვრობენ (მათი „შემოსავალი“ დღეში 3.3 ლარია!).
- ვერ ვგრძნობთ თავს დაცულებად ქვეყნის არაპენსიონერი (პენსიონერებთან ერთად) მოქალაქეებიც, რადგან ტერიტორიის დაახლ. 20% ომით წაგვართვეს და თბილისიდან და გორიდან 30-40 კმ-ში, რუსული არმია დგას თავისი, როგორც რიხით ამბობდნენ მავანნი, „ჟანგიანი“ იარაღით.
- უმუშევრებისა და ამომრჩევლების რაოდენობები სამხედრო საიდუმლოსავით დაფარული მონაცემებია, შესაბამისად არ არსებობს უმუშევრობის მოგვარების კონცეფცია, ხოლო არჩევნების ნორმალურად ჩატარება, თეორიულადაც შეუძლებელია;
- ჩვენი შვილები ვერ იღებენ ხარისხიან, თანამედროვე განათლებას. სამაგიეროდ ჩვენ, მშობლები „თანამედროვედ“ ვიხდით ათასობით ლარს ამ ე.წ. განათლებაში.
- ჩვენ ვერ მივდივართ უფრო მდიდარ ქვეყნებში ლუკმა-პურის საშოვნელად, ან უბრალოდ სანახავად, რადგან ფული არ გვქვს (არც ზედმეტი და არც საკმარისი). ამის გამო კი ევროპა და ამერიკა არ გვენდობიან ქართველებს და ვიზებს არ გვაძლევენ.
- მოკლედ, ვერ მოვაგვარეთ საქმეები ისე, როგორც ეს მოაგვარეს ჩვენნაირმა პატარა და არც ისე მდიდარმა ქვეყნებმა, როგორებიცაა მაგალითად სლოვაკეთი, სლოვენია ან თუნდაც ევროკავშირის ახალი წევრი, ზღვისგადაღმა ბულგარეთი.
აბა რა ხდება? რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს რეალობა? რა ამბავია ჩვენს თავს?
ვფიქრობ, სიმართლე არ თქმულა იმათზე, ვინც ჩვენი „ახალი მეგობარია“. ზოგადად, დასავლეთისა და კონკრეტულად, ამერიკელების მხრიდან, საქმე გვაქვს, ბანალურ ნეოკოლონიალისტურ-კომერციულ მოდელთან - ამერიკელები (ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები და მეგობრები), ზუსტად ისევე, როგორც 50-60 -იანი წლების ლათინურ ამერიკაში, ხელს უწყობენ ხელისუფლებაში ისეთი ჯგუფების მოსვლას და შენარჩუნებას, რომლებიც გარანტირებულ გავლენას მისცემენ ამერიკას მოცემულ ქვეყანაში და დაგეგმვადს გახდიან ამერიკის კონკრეტულ მიზნებს, მათ სავაჭრო, სამხედრო თუ სხვა სახის პოლიტიკას, კონკრეტულ ქვეყანაში. ამ შემთხვევაში, საქართველოში.
ამერიკელები (ნაწილობრივ ევროპელებიც) პრაგმატული ხალხია (ალბათ სჯობს ვთქვათ, უაღრესად პრაგმატული). ისინი, დღევანდელი ამერიკელები, არ დაგავიწყდეთ, უმეტესწილად, ევროპიდან ნებით ემიგრირებული ან გაქცეული პროტესტანტების ან სხვა ჯურის სექტანტებისა და დისიდენტების ნაშიერნი არიან. მათ ქვეცნობიერში უზით დამკვიდრების (ახალ, სხვის მიწებზე) სურვილი და პროზელიტიზმი, ანუ თავიანთი მოძღვრების (კათოლიციზმის, პროტესტანტიზმის და მისი მიმდინარეობების,იეღოველების, მორმონების და უთვალავი სხვა პროტესტანტულ-მესიანისტური ეკლესიების სწავლებები) ქადაგება, გავრცელება და მოქცევა (ისევე, როგორც ინდიელებს შორის აკეთებდნენ ამას ადრინდელი კათოლიკეები, კოლუმბის ეპოქაში).
ამერიკის საზოგადოება, დღემდე, მიუხედავად მათი „მაიკრო-ჩიპებისა“ და სუპერ-კომპიუტერებისა, კონსერვატიულია და პროტესტანტიზმის პატრიარქალური, 17-18 საუკუნეების ლუთერანულ-კალვინისტური იდეებით იკვებება. ისინი ებრძვიან ტრადიციულ მოძღვრებებს (მართლმადიდებლობა, ისლამი) ყველგან და ცდილობენ ახალი წევრების მოზიდვას თავიანთ „ნდობის ჯგუფებში“.
დღევანდელი პროტესტანტიზმის აპოთეოზსა და მის თანამედროვე გამოხატულებას წარმოადგენს ე.წ. „ამერიკული დემოკრატიული მოდელი“ და მოძღვრება, რომელსაც ასე აქტიურად ავრცელებს საქართველოში ჩვენი „ნაცმოძრაობა“ ანუ გარკვეულწილად, უკვე „მოქცეულები“.
ეს მოძრაობა, პატრონების (ამერიკელების) მიერ, განიხილება როგორც ერთ-ერთი პროექტი, თავისი ე.წ. „დროის ხაზით („თაიმ-ლაინი“) და შუალედური შედეგების ეტაპებით („მაილ-სტოუნებით“) და შედეგით, რომლის შესახებაც ბევრს არაფერს გვეუბნებიან...
ვფიქრობ, ე.წ. „ვარდების რევოლუცია“, ეს არის პროექტი, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, არასამთავრობო ტიპის პროექტი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სახელმწიფოს მშენებლობასთან და მითუმეტეს დამოუკიდებლობასთან. იგი ახალ ტერიტორიას ქმნის ამერიკული მისიონერებისათვის, ამერიკული ორგანიზაციებისათვის, ამერიკული კორპორაციებისთვის, ამერიკული ჯარისათვის, ამერიკული ეკლესიებისათვის, იდეოლოგიისათვის და ა.შ.
საქართველო კი, ამერიკული დემოკრატიის „საექსპორტო ვარიანტის“, როგორც ახალი რელიგიურ-სოციალური მოძღვრების, გავრცელების ახალი მარკეტინგული წერტილია - გლობალური ამერიკული ქსელის ერთ-ერთი ნაწილი, ახალი სავაჭრო ადგილი, სუპერმარკეტი - „აუთლეთი“, სადაც რაიმე საქონელი შეაქვთ და სადაც საქონლის გარდა, იდეებიც იყიდება, ტრადიციებიც იცვლება და ხდება არსებული აბორიგენული კულტურისა და ადგილობრივი „ტომების“ სულების „ტრანსფორმაცია“, მათი მარკეტინგის წესებისადმი დამორჩილება.
„ნაცმოძრაობის“ წევრები - ამ ქსელის აგენტები არიან, ხოლო ჩვენ ისინი მენეჯერები გვგონია. „ვარდოსნები“ ისეთივე აგენტები არიან, როგორც „ორიფლეიმის“ ან „ეივონის“ ქსელური მარკეტერი ქალბატონები, რომლებიც პარფიუმერიას „საკუთარი ქსელის“ მეშვეობით ყიდიან და რომლებსაც ჯილდოდ, იგივე პარფიუმერია, უფასოდ, ან მნიშვნელოვანი ფასდაკლებით მიეცემათ. ამ მარკეტერების შრომაც, ახლად მოზიდული, კლიენტების რაოდენობით ფასდება.
სამწუხაროდ, ეს პროცესი, ისევე როგორც ყველაფერი ამერიკული, მხოლოდ პრაგმატული, სულიერებისგან და იდეებისგან დაცლილი მკაცრი სავაჭრო რეალობაა.
შეკითხვა ბოლოს: ქართველებო, ასეთი დამოუკიდებლობა გვსურდა? ეს არის ის, რაც გასული საუკუნის 80-იან წლებში დაწყებული ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის შედეგად უნდა მიგვეღო? დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან ფორმალურად თავის დაღწევას ნიშნავდა?
თუ დამეთანხმებით, გავიგებ, თუმცა გემოვნებას დავუწუნებ „დათანხმებულებს“. თუ არა - მაშინ ვთქვათ გულწრფელად თუ რა გვსურს ახლა, ოცდამეერთე საუკუნის მეორე ათწლეულის დასაწყისში, დამოუკიდებლობის მიღებიდან ოცი წლის შემდეგ?
წერილს კვლავ დიდი ამერიკელის, მარტინ ლუთერ კინგის სიტყვებით დავამთავრებ:
„ის ვინც სიცრუით ცხოვრობს - ცხოვრობს სულიერ მონობაში. თავისუფლება სწორედ ის საჩუქარია, რომელსაც ვიღებთ სიმართლის ცოდნისათვის. „თქვენ უნდა იცოდეთ სიმართლე“ - ამბობს იესო და სიმართლე გაგანთავისუფლებთ“. დღეს, მე გადავწყვიტე ვიქადაგო ომზე ვიეტნამში, რადგან მე ვეთანხმები დანტეს, რომელიც გვეუბნება, რომ ჯოჯოხეთში, ყველაზე ცხელი ადგილი იმათთვის არის შენახული, ვინც მორალური კრიზისი დროს ნეიტრალური რჩება. დგება დრო, როდესაც სიჩუმე ღალატად გადაიქცევა“
”He who lives with untruth lives in spiritual slavery. Freedom is still the bonus we receive for knowing the truth. "Ye shall know the truth," says Jesus, "and the truth shall set you free." Now, I've chosen to preach about the war in Vietnam because I agree with Dante, that the hottest places in hell are reserved for those who in a period of moral crisis maintain their neutrality. There comes a time when silence becomes betrayal." - მარტინ ლუთერ კინგი ჯუნიორი/Martin Luther King Jr.
[რედაქცია არ ეთანხმება ავტორის ზოგიერთ მოსაზრებას]
930
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85