თბილისის მერმა შესაბამის სამსახურებს ტროტუარებზე პარკირების პრობლემის მოგვარება დაავალა

თბილისის მერმა შესაბამის სამსახურებს ტროტუარებზე პარკირების პრობლემის მოგვარება დაავალა

როგორც დავით ნარმანია აცხადებს, წინა მთავრობის მიერ დაახლოებით 2 000-მდე ადგილი არის გაცემული, სადაც ტროტუარზე პარკირება ნებადართულია.

ნარმანიას თქმით, ხშირია მიმართვა მერიაში, რომ ფეხით მოსიარულეებს აღნიშნული საკითხი დიდ დისკომფორტს უქმნის.

„ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად მოგვმართავენ მოქალაქეები იმასთან დაკავშირებით, რომ ტროტუარებზე ძალიან ხშირია უკანონოდ პარკირებული ავტომანქანები, თუმცა ჩვენი წინამორბედების მიერ დაახლოებით 2 000-მდე ადგილი არის გაცემული ტროტუარებზე, სადაც გახაზულია და ოფიციალურად ნებადართულია პარკირება. არის ბევრი ადგილი, ვიწრო ტროტუარი, სადაც ავტომანქანების პარკირებამ დამატებითი დისკომფორტი შექმნა ფეხით მოსიარულეთათვის. მინდა შესაბამის სამსახურებს დავავალო, რომ ეს საკითხო დროულად მოვაგვაროთ. პირველ რიგში, წარმომიდგინეთ ზუსტი ინფორმაცია იმ ქუჩების შესახებ, სადაც ვიწროა ადგილები და დამატებით ავტომობილის პარკირებამ შექმნა დისკომფორტი და სადაც პრაქტიკულად, გადაადგილება არის შეუძლებელი. მეორეს მხრივ, წარმომიდგინეთ მზა წინადადებები, როგორ შევზღუდოთ იქ პარკირება, რომ მოქალაქეებს უფრო თავისუფალი გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ“, - განაცხადა ნარმანიამ.