"კიევში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის ჩასვლა რადას საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მოწვევით ხდება“

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის განცხადებით, 19 იანვარს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის კიევში ვიზიტი იგეგმება.

როგორც ჯაფარიძემ „პირWელთან“ საუბრისას განაცხადა, ვიზიტი სწრაფად დაიგეგმა და კიევში გასამართი შეხვედრები ჯერ ბოლომდე შეთანხმებული არ არის.

„კიევში 19 იანვარს მივდივართ, პრინციპში ეს შეთანხმება მიღწეულია. დელეგაციის შემადგენლობაში ჩვენგან ალბათ, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები ვიქნებით და როგოც მიღებულია, ოპოზიციის წარმომადგენელიც იქნება. ამ შემთხვევაში ბატონ ვიქტორ დოლიძეს ვთხოვეთ წამობრძანება. არ იქნება ეს დიდი დელეგაცია. ჯერ არ ვიცით შეხვედრების შესახებ, ამაზე საელჩო მუშაობს. ვიზიტი სწრაფად დაიგეგმა და ხვალ გვეცოდინება უკვე ყველაფერი. რადას საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მოწვევით  ხდება ჩვენი იქ ჩასვლა. რა თქმა უნდა, იქ კოლეგებთან შეხვედრები გვექნება და დანარჩენს ვნახავთ“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს საქართველოს ხელისუფლება უკრაინასთან ურთიერთობების აქტივირებას გეგმავს. საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ მუშაობა მიმდინარეობს, რათა უკრაინას საქართველოს დელეგაცია დარგობრივი მინისტრების დონეზე ეწვიოს. მისივე  ინფორმაციით, უკრაინაში პრემიერის ვიზიტიც იგეგმება. ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის და ის უკრაინაში მინისტრების დონეზე განხორციელებული ვიზიტის შემდეგ გაირკვევა.