ცხადი და აშკარაა, რომ მდინარე მტკვარზე ჰესების აშენების (თურქეთის ტერიტორიაზე) საკითხის განხილვა ძალიან დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობს. ამისათვის, თურქეთის დიდი ეროვნული კრების დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ჯერჯერობით თურქეთი, საქართველოსთან დაკავშირებით პროექტების განხორციელებისას, ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების პირობას იძლევა. თურქეთის დიდი ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ვოლქან ბოზქარის თქმით, თურქეთსა და საქართველოს შორის დაწყებულია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა ნავთობის, გაზის პროექტები, რომელიც არა მხოლოდ რეგიონს აკავშირებს ერთმანეთთან, არამედ მთელ მსოფლიოს.
როგორც ჩანს, მტკვრის ჰესების საკითხი აქ განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. ბოზქარმა აღნიშნა, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის არის ასევე ჰიდროელექტრო პროექტები, რომელთან მიმართებაშიც ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ ისინი თურქეთისა და საქართველოს კეთილდღეობას ემსახურებოდეს.
მდინარე მტკვარზე ჰესების კასკადის მშენებლობის საკითხზე დეტალური კომენტარი არც საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი მინაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ამ საკითხზე ზოგადად იდეა არსებობს, თუმცა დღევანდელ შეხვედრაზე მასზე საუბარი არ ყოფილა.
შედარებით ოპტიმისტურ კომენტარებს აკეთებს გარემოს დაცვის მინისტრი. “საქართველოში თურქეთიდან მტკვარი შემოდიოდა, შემოდის და ყოველთვის შემოვა”, - ამბობს გოგა ხაჩიძე. როგორც ხაჩიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა თემას, რომლის თანახმადაც თითქოს ვინმეს მტკვრის შეტრიალება სურს და საქართველოს დედა მდინარე გაქრება.
ხაჩიძის განამრტებით, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროები თურქულ მხარესთან ერთობლივი შეთანხმების მისაღწევად ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ. “არ განხორციელდება ისეთი პროექტი, რომელიც უგულებელყოფს რომელიმე მხარის ინტერესებს. სურათი ძალიან აპოკალიპტურად არის მიწოდებული საზოგადოებისთვის. ეს ასე არ არის და ყველას ვთხოვ, ნუ აღიზიანებენ მოსახლეობას დეზინფორმაციით, რადგან რეალური ინფორმაცია არ აქვთ”, - განაცხადა ხაჩიძემ.
მინისტრი პირობას დებს, რომ როგორც კი მოსახლეობისთვის სამსჯელოდ კონკრეტული ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა გაჩნდება, გარემოს დაცვის სამინისტრო აღნიშნულ ცნობას გაავრცელებს.
ის ვინმე, ვინაც ხაჩიძის თქმით, მითქმა-მოთქმა გამოიწვია “მწვანეთა პარტიის” ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძეა. მან სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროექტის მიხედვით, მტკვარი გადაიკეტება საქართველოს საზღვართან და მტკვრის სათავეებში, თურქეთის ტერიტორიაზე არდაგანის ოლქში აშენდება წყალსაცავების კასკადი, ჰიდროსადგურებზე გამოყენებული მტკვრის წყალი საქართველოში აღარ წამოვა და წყალი გადაგდებული იქნება მდინარე ჭოროხის კალაპოტში იქ მშენებარე მდინარე ჭოროხის კასკადის ბოლო წყალსაცავების - კილიჩისა და ისპირის შესავსებად. მტკვრის წყალი მდინარე ჭორიხის საშუალებით არა კასპიის ზღვაში, არამედ შავ ზღვაში მოხვდება.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის, მარიკა ვალიშვილის განცხადებით, მტკვარზე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუმცა, ვალიშვილმა დაადასტურა, რომ თურქეთში, მტკვარზე თურქულ მხარეს 6 ჰესისა და “ბეშიქ ჰაიას” წყალსაცავის მშენებლობა აქვს დაგეგმილი.
წყალსაცავი მდინარის ქვედა წელში ახალი ელექტროსადგურების მშენებლობისთვის წყლის მიდინებას დაარეგულირებს. “ჰესები შენდება არა ჰაერზე, არამედ წყალზე. თურქები ამ ჰესებს ვერ ააშენებენ თუ წყალი არ იქნება. თუკი თურქეთის მხარეს, მტკვარზე შეიძლება ჰესების მშენებლობა, რატომ არ შეიძლება წყლის რესურსების გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე”, - დასძინა ვალიშვილმა.
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის აკაკი ბობოხიძის თქმით, მტკვარზე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ყველა იდეა განხილული იქნება და ჰესების მშენებლობის შესახებ პროექტის შექმნის შემთხვევაში, მაქსიმალურად იქნება გათვლილი რისკები.
“ზოგადად, არსებობს იდეა, როგორც მტკვარზე, ასევე ჭოროხზე ჰესების მშენებლობის შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჰესების მშენებლობა იწვევს გარკვეულ მონაკვეთში წყლის ნაკადების შემცირებას და შემდეგ წყლის დაბრუნებას იგივე ან სხვა მდინარის კალაპოტში”, - დასძინა ბობოხიძემ.
1197
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85