საპატრიარქო "თავისუფალ თაობას" მოუწოდებს, რომ ხვალ "იდენტობას" ოფისთან საპროტესტო აქციის გამართვისგან თავი შეიკავოს. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ორგანიზაცია "იდენტობის" მიზანი პროვოკაციაა, რომელსაც საზოგადოება არ უნდა აჰყვეს. საპატრიარქო ამ განცხადებით ეპისტოლესთან დაკავშირებით "იდენტობას" წევრების განცხადებებს გამოეხმაურა.
"ცნობილი გახდა, რომ ხვალ რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და მოქალაქეთა ჯგუფი აპირებს საპროტესტო აქციის გამართვას ორგანიზაცია "იდენტობის" ოფისთან. გვინდა ყველას მადლობა გადავუხადოთ მხარდაჭერისა და მორწმუნეთა თანადგომისთვის. მაგრამ შეგახსენებთ, რომ შობის დღეები სიმშვიდისა და სიყვარულის დღეებია. ჩვენ არ უნდა ავყვეთ მავანთა პროვოკაციულ ქმედებებს, რომელთა მიზანი ქვეყანაში დაძაბულობის შექმნაა. ვაცნობიერებთ რა ამ საშიშროებას, თხოვნით მივმართავთ ორგანიზატორებს, თავი შეიკავონ ღონისძიების ჩატარებისგან. კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისა და კეთილგონირებისკენ", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
საპატროარქოს შეფასებით, "იდენტობას" წევრებმა ეპისტოლე მიზანმიმართულად დაამახინჯეს. "როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ორგანიზაცია "იდენტობის" წევრებმა და ყოფილმა ხელმძღვანელმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს აზრი დაამახინჯეს, რითაც მორწმუნეთა დიდი აღშფოთება გამოიწვიეს. გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია და ჩვენ მას ვაღიარებთ. მაგრამ აქვე ავღნიშნავთ, რომ ეს თავისუფლება არავის მიერ და, მათ შორის, არსამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, არ უნდა იქნეს გამოყენებული საზოგადოების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ქვეყანაში სამოქალაქო სიმშვიდის დარღვევისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი თაობა" ხვალ, 17.00 საათზე ორგანიზაცია "იდენტობის" ოფისთან საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "თავისუფალი თაობის" თავმჯდომარე ლადო სადღობელაშვილმა განაცხადა, ხვალინდელ აქციაზე გააპროტესტებენ "იდენტობის" წარმომადგენლის ირაკლი ვაჭარაძის განცხადებას, პატრიარქის საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებით. "ვაჭარაძე, თუთბერიძე, ბოკერია, ჩერგოლეიშვილი ასეთ აგრესიულ შეტევებს ახორციელებენ ქრისტიანულ რელიგიაზე და ჩვენ არ ვაპირებთ ამას შევეგუოთ", - აღნიშნა ლადო სადღობელაშვილმა.