პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ინკლუზიური ზრდისთვის აუცილებელი საფუძვლების შესაქმნელად რეფორმებს ახორციელებს.
როგორც პრემიერმა ლატვიაში საერთაშორისო კონფერენცია „ევროპის განვითარების წელი - 2015“-ზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ყველა რეფორმის მამოძრავებელი ძალა არის საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სივრცისკენ, რაც ქართველ ხალხს და მათ პოლიტიკურ წარმომადგენლებს აერთიანებს.
„ ჩვენ გვაქვს ამ პროცესის გაგრძელების ამბიცია და სურვილი, გავხდეთ რეგიონში ევროინტეგრაციის პროცესის ტრანსფორმაციის ძალის მაგალითი. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ განვაცხადო: ჩვენ გვჯერა, რომ ღია, ინკლუზიური, ანგარიშვალდებული და დემოკრატიული ინსტიტუტები თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს ქვაკუთხედია, ხოლო რეფორმები ჩვენი ევროინტეგრაციის საფუძველია. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ მომდევნო თვეებსა და წლებში ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, რომელიც არის კიდეც საქართველოს ევროპეიზაციის გენერალური გეგმა, რომელსაც ხელი 2014 წლის ივნისში მოვაწერეთ, საქართველოს აბსოლუტურად სტაბილურ და ფუნქციონალურ, პლურალისტულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაქმნის, კონტროლისა და ბალანსის ეფექტიანი მექანიზმებითა და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებით. გარდა ამისა, ეს პროცესი გზას გაუხსნის საქართველოს ეტაპობრივ ინტეგრაციას ევროკავშირის შიდა ბაზარზე და გაზრდის ქვეყნის მომხიბვლელობას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და "ნოუჰაუს“ შემოტანას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ჩვენი მოქალაქეებისათვის პერსპექტივის გაჩენას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის განმარტებით, საქართველომ გლობალური ინიციატივების განხორციელების შედეგადაც დიდი სარგებელი ნახა და ქვეყანა გაეროს განვითარების დღის წესრიგს განუხრელად მიჰყვება.
„2000 წლის შემდეგ საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ათასწლეულის განვითარების მიზნების მისაღწევად. დღეს ამ მიზნების უმრავლესობა მიღწეულია. 2015 წლის შემდგომ დღის წესრიგზე ყურადღების გადატანა არის მნიშვნელოვანი გამოწვევა და შესაძლებლობა მთელი მსოფლიოსათვის ეფექტიანი სტრატეგიების გასატარებლად, რომელთა მიზანიცაა მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა და სიღარიბის აღმოფხვრა. საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამ პროცესში წვლილის შეტანა როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე. ჩვენ მივესალმებით მდგრადი განვითარების მიზნების შემუშავების პროცესს. ათასწლეულის განვითარების მიზნებიდან მდგრადი განვითარების მიზნებზე გადასვლა მსოფლიო განვითარებისკენ მიმართულ ძალისხმევის პროცესში საკვანძო ეტაპი იქნება და კლიმატური ცვლილებების, მსოფლიოში უთანასწორობისა და სხვა არსებულ გამოწვევებთან საბრძოლველად საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაციაში ახალი ეტაპი დაიწყება“, - აღნიშნა პრემიერმა.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მზად არის თავისი გამოცდილების გაზიარებისთვის თავისუფალი არჩევნების ჩატარების, კორუფციასთან ბრძოლის, უსაფრთხოების სექტორის რეფორმისა და იურიდიული დახმარების ჩათვლით. მისივე განცხადებით, საქართველო მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობას მომავალშიც გააგრძელებს.