დავით სუჯაშვილმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან მოქმედების შემდგომი ნაბიჯები განიხილა

დავით სუჯაშვილმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან მოქმედების შემდგომი ნაბიჯები განიხილა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი გუდაურში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მოქმედების შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საბჭოდან აცნობეს, ამ წუთებში მიმდინარეობს კობი-გუდაურის მიმართულებით გაწმენდითი სამუშაოები. დღეს საკოორდინაციო შტაბის მიერ ყაზბეგში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერთმფრენი გაიგზანა. ყაზბეგში დიდთოვლობის გამო ჩარჩენილ მოსახლობას მიეწოდა პროდუქტი და გადაუდებელი სამედიცინო პრეპარატები.

უწყების ინფორმაციით, დღესვე მოხერხდა ყაზბეგიდან სამოცდაოთხი ადამინის თბილისში გადმოყვანა. მცირეწლოვანი ბავშვები, ფეხმძიმე ქალები, მოხუცები და უცხოელი ტურისტები უკვე თბილისში არიან. ყაზბეგში დარჩენილი ადამიანები ამ დროისთვის უზრუნველყოფილები არიან სურსათით და მედიკამენტებით. მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესების შემთხვევაში ვერტმფრენების ყაზბეგის მიმართულებით ფრენა განახლდება და იქ დარჩენილი მოქალაქეების თბილისში გადმოყვანა გაგრძელდება.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს საკოორდინაციო შტაბი ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობს. ამ პროცეში ჩართული არიან თავდაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, შინაგან საქმეთა, ენერგეტიკის სამინისტროების, ეკონომიკის სამინისტროს კურორტების განვითარების სააგენტოს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.