"ვამაყობთ, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ სახელმწიფოდ გადაიქცა"

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის ლატვიას მადლობა გადაუხადა.

ლატვიაში ვიზიტით მყოფმა პრემიერმა საერთაშორისო კონფერენცია „ევროპის განვითარების წელი - 2015“-ზე სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლატვიას აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის შემდგომი განვითარების საქმეში ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის.

„კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა მოგახსენოთ მოწვევისათვის ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად და იმ შესაძლებლობისათვის, რათა ჩემი ქვეყნის გამოცდილება გაგიზიაროთ. ბოლო წლებში მთელი მსოფლიო საქართველოს ძირეული ტრანსფორმაციისა და სწრაფი განვითარების მოწმე გახდა. დღეს საქართველო სულ სხვა ქვეყანაა, ვიდრე ოცი ან თუნდაც ორი წლის წინ. ამ ტრანსფორმაციას საფუძვლად ღრმა და ყოვლისმომცველი რეფორმების პროგრამა უდევს, რომლის მიზანიცა სანიმუშო მმართველობისა და ინსტიტუციური დემოკრატიის დამკვიდრებაა. რასაკვირველია, მუშაობა დღესაც გრძელდება და ეს საქმე უზარმაზარ და უწყვეტ ძალისხმევას მოითხოვს. მეორე მხრივ, საქართველო არის მაგალითი იმისა, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია ასეთ ძალისხმევას მაშინ, როდესაც ხალხისა და ხელისუფლების ნება და ევროკავშირისა და საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელოვანი მხარდაჭერა არსებობს“, - განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა ევროკავშირს ფინანსური დახმარებისთვის, რომელიც გამიზნულია საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის, საგანმანათლებლო და კულტურული თანამშრომლობის გაფართოებისა და მართლმსაჯულების სისტემის და ადამიანის უფლებების განმტკიცებისათვის, მადლობა გადაუხადა.

„ევროკავშირისა და ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით  ელიტური კორუფციის, დაუსჯელობისა და მხოლოდ ერთეულთა სასარგებლოდ არსებული ეკონომიკის მოჯადოებული წრის გასარღვევად. ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ ნამდვილ დემოკრატიას, რომლის მმართველობის სისტემაც უფრო ღია და გამჭვირვალეა, ხოლო ანგარიშვალდებულება გაზრდილია და დაცულია კანონის უზენაესობა. ჩვენ გავაძლიერეთ დემოკრატიული ინსტიტუტები და დავნერგეთ კონტროლისა და ბალანსის უფრო ქმედითი მექანიზმები. ჩვენი ახალი კონსტიტუციის თანახმად, აღმასრულებელი ხელისუფლება დეცენტრალიზებულია და გაზრდილია ანგარიშვალდებულება მმართველობის ყველა დონეზე. დღეს ჩვენი პარლამენტი მართლაც კანონმდებელია. მიმდინარეობს კანონპროექტების წარდგენა, რასაც მოსდევს დებატები და ცვლილებების შეტანა. ჩვენ სრულად ავამოქმედეთ ადამიანის უფლებათა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა უზრუნველვყოთ მაღალევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. ჩვენ განვამტკიცეთ კანონის უზენაესობა, რისთვისაც მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა და ბრალდებულებისთვის მეტი უფლების ინსტიტუციონალიზაცია უზრუნველვყავით. ჩვენ წერტილი დავუსვით ხელისუფლების წარმომადგენლების დაუსჯელობას, ასევე წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ციხეებში, რაც ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილი იყო. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო, რომელიც კორუმპირებული პოსტსაბჭოთა ქვეყანა იყო, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ სახელმწიფოდ გადაიქცა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.