„რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ ნაბიჯები გადავდგით, თუმცა ჩვენს ძალისხმევას პასუხი არ მოჰყვა“

„რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ ნაბიჯები გადავდგით, თუმცა ჩვენს ძალისხმევას პასუხი არ მოჰყვა“

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიუხედავად მიღწევებისა, საქართველოში დღესაც არსებობს გამოწვევები.

როგორც ღარიბაშვილმა ლატვიაში საერთაშორისო კონფერენცია „ევროპის განვითარების წელი - 2015“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ქვეყნის მთავარი საზრუნავი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია და მისგან მომდინარე პრობლემებია, რომლებიც დაკავშირებულია იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებთან.

„საქართველოს სურს, ჰქონდეს კარგი ურთიერთობები ყველა მეზობელთან, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხარჯზე, რისთვისაც ჩვენ ამდენი ვიბრძოლეთ. ჩვენ გადავდგით მთელი რიგი კონსტრუქციული ნაბიჯებისა, რომლებიც მიმართულია რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს ძალისხმევას თანამშრომლობის სულისკვეთებით განმსჭვალული პასუხი არ მოჰყვა. ჩვენ განუხრელად მივყვებით შერიგებისა და მშვიდობიანი მეთოდებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენის გზას, და მომავალშიც არ დავიშურებთ ძალ-ღონეს, რათა საქართველოს ყველა მოქალაქემ, მათ შორის ხელოვნური ბარიერის მიღმა მცხოვრებმა ჩვენმა აფხაზმა და ოსმა ძმებმა, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი საერთო მიზნების მიღწევაში - სიღარიბის აღმოფხვრასა და სტაბილურ განვითარებაში. ამისათვის ჩვენ შევქმნით ძლიერ სახელმწიფოს, რომელიც თანასწორად ეკუთვნის ყველა საქართველოს მოქალაქეს“, - აღნიშნა პრემიერმა.