ყოველი წლის დასაწყისში ქართველ მეანაბრეებს ერთი კითხვა აწუხებთ - რომელ ვალუტაში სჯობს დეპოზიტის განთავსება. რადგანაც მსოფლიოში ეკონომიკური ტენდენციები კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება, ყველა პროგნოზი მკითხაობა-მარჩიელობის დონემდე დავიდა.
ეროვნული ბანკი ქვეყნის ფინანსური სექტორის სიმყარესა და სტაბილურობაზე 2011 წლის “ფინანსური სტაბილურობის ანგარიში” საუბრობს. მრავალგვერდიანი ანალიზიდან ირკვევა, რომ ყველაზე დიდ რისკს ქართული საფინანსო სექტორისთვის ეკონომიკის მაღალი დოლარიზაცია წარმოადგენს.
კვლევის ავტორების განმარტებით, სპეციალურმა სტრეს-ტესტებმა აჩვენა, რომ ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის გავლენით მთავარ რისკად ლარის გაუფასურება რჩება, რაც ფინანსური სისტემის დონეზე მნიშვნელოვან ზარალს წარმოშობს. თუმცა, ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად ამ რისკის მნიშვნელობისა, ფინანსური სისტემის მდგრადობა კითხვის ნიშნის ქვეშ, მოვლენების სავარაუდოზე უფრო პესიმისტურად განვითარების შემთხვევაშიც კი არ დადგება.
მოკლედ, ქვეყანაში დოლარიზაცია მაღალია, მოსახლეობა კი ცოტა არ იყოს დაბნეული. მსოფლიოში ვითარება ისეთი სისწრაფით იცვლება, რომ ადამიანებს ვერ გაუგიათ დანაზოგი რომელ ვალუტაში გააკეთონ. თუკი ადრე დოლარი ყველაზე სტაბილურად მიიჩნეოდა, შემდეგ იგი ევრომ დაჩრდილა, ახლა კი თავად ევროს უდგას შავი დღე.
ამიტომ ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე სჯობს ლარში განათავსონ დეპოზიტები. “ევრო ამ ეტაპისათვის რისკიანია, რადგან ევროზონის კრიზისი გრძელდება და კვლავაც ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს თუ როგორ აღმოიფხვრება ეს პრობლემა. შესაბამისად, ალბათ, სჯობს ლარში ან დოლარში განათავსონ დეპოზიტები.
თუ კრიზისი გაგრძელდა და სიტუაცია მივიდა იქამდე, რომ ევროკავშირი დაიშალა და რიგი ევროპული ქვეყნები დეფოლტის წინაშე დადგნენ, საქართველოს სახელმწიფოსაც და კომერციულ ბანკებსაც შეექმნებათ თანხების მოზიდვის პრობლემები, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოს ეკონომიკა და საბანკო სექტორი საკმაოდ მყარია და ამ ეტაპისთვის რესურსების მოზიდვის პრობლემა არ აქვს”, - აცხადებს “კომერსანტთან” საუბრისას საინვესტიციო ბანკ “ბიჯი კაპიტალის” ფასიანი ქაღალდების გაყიდვების მენეჯერი გიორგი შენგელია.
საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ევროზონის კრიზისი ლარზე არ აისახება. ზურაბ გვასალიას თქმით, 2012 წელს ეროვნულ ვალუტას საფრთხე არ ემუქრება. მეტიც, გვასალია მიიჩნევს, რომ წელს დანაზოგის გაკეთება ლარში უფრო მიზანშეწონილია.
მისი განმარტებით, ევროზონაში კრიზისის გამწვავების შემთხვევაში ლარის კურსის შენარჩუნებაზე ეროვნული ბანკი დაიწყებს მუშაობას და მომხმარებელი ანაბრის ლარში არსებობის შემთხვევაში ყველაზე ნაკლებად დაზარალდება.
გვასალიას განცხადებით, ამ ეტაპზე პროგნოზის გაკეთება 2012 წლის სავალუტო კურსის შესახებ შეუძლებელია, თუმცა, მისი აზრით, ამ ეტაპზე ევროზონაში შემავალი ქვეყნების აშკარა გლობალური მცდელობაა, რომ ევროკავშირმა ერთიანი ვალუტა შეინარჩუნოს.
“ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრში” კი, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტისგან განსხვავებით, 2012 წელს დანაზოგის გაკეთების მსურველებს ფულის დაბანდებას დოლარში ურჩევენ. ცენტრის ექსპერტის განცხადებით ევროზონის კრიზისის ფონზე, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროს შენარჩუნებასა და სტაბილიზაციისთვის იბრძვიან, ევროპული ვალუტა დანაზოგისთვის საუკეთესო არჩევანი არ არის.
დავით ნარმანიას თქმით, დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ფონზე არც ლარში დაბანდებებია მიზანშეწონილი, რადგან, მისი მტკიცებით, პოლიტიკურად აქტიურ პერიოდს ყოველთვის თან ახლავს სავალუტო კურსის მცირე რყევები მაინც.
ჯამში, “ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის პროგნოზით” 2012 წელს ყველაზე საიმედო ვალუტის სტატუსს ამერიკული დოლარი მიიღებს.
1234
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85