კვირიკაშვილის თქმით, სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე მოლაპარაკება არ შედგა

კვირიკაშვილის თქმით, სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე მოლაპარაკება არ შედგა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ინვესტორების გარკვეული ჯგუფი დაინტერესებული იყო სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობით, შემდგომ ეს მოლაპარაკება არ შედგა.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩემთვის არის ცნობილი, გარკვეული ჯგუფი იყო დაინტერესებული, შემდეგ ეს მოლაპარაკება შეწყდა არა ჩვენი მიზეზით, არამედ იქეთა მხრიდან არ იქნა ინტერესი გამოხატული და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გამოგვეცხადებინა ინტერესთა გამოხატვა იქ, სადაც გამოვაცხადეთ, ანუ ფოთში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, რამდენი მილიონია დახარჯული და რა კვლევებია ჩატარებული, მისთვის ცნობილი არ არის. მისივე თქმით, რუსულ მხარესთან დაკავშირებით ამ პროექტში მას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია.

"ყოველ შემთხვევაში ჩვენთან ვინც იყო ამ თემასთან დაკავშირებით, კერძოდ სუფსასთან მიმართებაში, ის ნამდვილად არ წარმოადგენდა რუსულ მხარეს. არაეთიკურია პიროვნებების დასახელება და არც გავაკეთებ ამას. საქართველოს მოქალაქე, ბატონმა გიორგი ჭანტურიამ რადგანაც გადაწყვიტა გაასაჯაროვოს ეს საკითხი, იყო. ასევე იყვნენ სხვა ადამიანები, მაგრამ რუსეთის ან რუსული კომპანიის ინტერსები იქ არ იკვეთებოდა, თუმცა გამორიცხული არაფერი არ არის. არ არის გამორიცხული იყო ინტერესი, მაგრამ ჩვენ ამ მიმართულებით არ წავედით. ეს არის მთავარი. ჩვენ გამოვაცხადეთ ფოთთან ინტერესთა გამოხატვა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ სუფსასთან დაკავშირებით არანაირ მოლაპარაკებაში არ არის ჩართული.

"თუ ვინმეს აქვს ინტერესი საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის, მათ შეუძლიათ პირველ თებერვლამდე გამოხატონ ეს ინტერესი, იმ პროცესის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს მთავრობა მართავს დღეს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველო რუსეთის მონაწილეობით სუფსაში ენერგეტიკული ჰაბის აშენებას აპირებს.

ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი sukhum-moscow.ru, რომელიც რუსეთისა და აფხაზეთის ურთიერთობების შესახებ წერს, პროექტის ავტორ გიორგი ჭანტურიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული ენერგეტიკული ჰაბი გარკვეულწილად "მეგობრობის ხიდი" იქნება სამხრეთ კავკასიას, რუსეთსა და ევროკავშირს შორის. პროექტის ღირებულება 17 მილიარდი დოლარია და ინვესტორების მოზიდვა როგორც რუსეთიდან, ისე დასავლეთიდან იგეგმება. ენერგეტიკული ჰაბის ფორმირების პროცესში პირველი პროექტი სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უნდა იყოს.