ვალუტის გადამცვლელი პუნქტების უმეტესობაში მომხმარებელს 1 დოლარის ყიდვა 1.90-დან 1.93 ლარის ფარგლებში შეუძლია.
რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები დოლარს 1.88-დან 1.90 ლარის ფარგლებში იბარებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სავალუტო ჯიხურების მეპატრონეებმა განუცხადეს, დოლარის კურსმა მატება დაახლოებით, 30-31 დეკემბრიდან დაიწყო. იმ დროს გაცვლითი კურსი 1.82-1.86 ლარის ფარგლებში მერყეობდა. ისინი ვარაუდობენ, რომ კურსი კიდევ უფრო მოიმატებს.
მათი განცხადებით, ამ ეტაპზე განსაკუთრებული მოთხოვნა არის დოლარის ყიდვაზე, თუმცა მიწოდება ვერ ხერხდება, რადგან როგორც ერთ-ერთი სავალუტო ჯიხურის მეპატრონე აცხადებს, მას შვიდივე ფილიალში დოლარის დეფიციტი აქვს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის მიხედვით, დღეს, 9 იანვარს 1 დოლარის შეძენა 1.90 ლარად არის შესაძლებელი. ახალ გაცვლით კურსს ეროვნული ბანკი დღეს, 17:00 საათისთვის დაადგენს.