პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩოს საქართველოში, პარლამენტის სახელით გვირგვინი გადაეცა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გაკეთდა.
7 იანვარს პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაში შეიარაღებული თავდამსხმელების შეჭრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის არის ჟურნალის რედაქტორი სტეფან შარბონი, რომელიც მანამდე იღებდა მუქარის მესიჯებს. ბოლო პერიოდში 47 წლის სტეფან შარბონი პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფებოდა. დაიღუპნენ კარიკატურისტები - ვოლინსკი, კაბუ, ბერნარ ვერლაკი, ჟურნალისტი ბერნარ მარი. დაღუპულია ასევე ორი პოლიციელი.
საფრანგეთის დედაქალაქში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, მათ შორის - სადგურებზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების რედაქციებთან და რელიგიურ ობიექტებთან.
სატირულმა ჟურნალმა "ტვიტერზე" ბოლოს "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა. Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმა 2011 წელსაც განხორციელდა, როდესაც ჟურნალმა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები გამოაქვეყნა.