დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ეზოში ბავშვებს უმასპინძლა

დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ეზოში ბავშვებს უმასპინძლა

პარლამენტის შენობის ეზოში ბავშვებისათვის საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს. ბავშვებს შობა-ახალი წელი პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და დეპუტატებმა მიულოცეს.

ღონსძიებაზე მიწვეული არიან როგორც პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლების შვილები და შვილიშვილები, ასევე ყველა ბავშვი, რადგან პარლამენტის ცენტრალური კარი რუსთაველის გამზირიდან ღიაა და ნებისმიერ მსურველს პარლამენტში მიმდინარე საახალწლო ღონისძიებაზე მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს.

საახალწლო ზეიმზე ასევე მოწვეული არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მზრუნველობას მოკლებული პატარები.

"დღეს კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას ახალ წელს, შობას. დღეს პარლამენტი ბავშვებს მასპინძლობს, პარლამენტის კარი ღიაა ბავშვებისათვის, ეს არის გარკვეულწილად პირველი ნაბიჯი, რომ მომავალი წლიდან პარლამენტის შენობა, ეს ტერიტორია უფრო ხანგრძლივი ვადით დავუთმოთ ბავშვებს, ჩვენს მოქალაქეებს და პარლამენტში არა მხოლოდ კანონები მივიღოთ, არამედ ერთად გავმართოთ კარგი და საზეიმო ღონისძიებები", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ბავშვების საახალწლო განწყობაზე ზრუნავენ თოვლის ბაბუები, ანიმატორები, ასევე "ბასტი-ბუბუს" სტუდიის ბავშვები. საახალწლო ღონისძიება პარლამენტის შენობის ეზოში 12.00 საათზე დაიწყო და 17.00 საათზე დასრულდება.