ირაკლი პეტრიაშვილი:

ირაკლი პეტრიაშვილი: "12 მილიონზე ბევრად ნაკლები დაჯდა მეზღვაურების გათავისუფლება"

„საქართველოს მთავრობას სომალელი მეკობრეებისთვის მეზღვაურების გასათავისუფლებელი თანხა ჯერ არ გადაუხდია“, - აცხადებს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი presage.tv-სთან საუბარში და დღესვე დაბა მახინჯაურში ჩასვლასა და მეზღვაურებისთვის შეგროვილი 52 ათასი ლარის ჩატანას გეგმავს.

- ბუნებრივია, მე დეტალურად ვიცი, თუ როგორ მოხდა მათი გათავისუფლება. ამ საქმეში პირველსავე დღიდან ვიყავით ჩართულები და მინდა თქვენი მეშვეობით თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც მეზღვაურებთან დაკავშირებით შემოწირულობა გაიღო, მადლობა ვუთხრა. შემოწირულობა არ ყოფილა იმდენად ფასეული, რამდენადაც მოქალაქეების აქტიურობა. რამ მისცა სტიმული საქართველოს მთავრობასა და სხვა ორგანიზაციებს, ჩართულიყვნენ მეზღვაურების გათავისუფლების საქმეში?! რა თქმა უნდა, - საზოგადოების პროტესტმა. თანაც, საკმაოდ მრავალრიცხოვანმა პროტესტმა და ამ მეზღვაურების უფლებებთან დაკავშირებით გამოხატულმა დამოკიდებულებამ. ფაქტია, სახელმწიფომ მათი გათავისუფლება მოახერხა.

 რომ არა საზოგადოებრივი პროტესტი, ხელისუფლება მათ გათავისულებას არ აპირებდა?

- არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ მომხდარა მანამდე, სანამ ჩვენ არ გავაქტიურდით. ამის მიუხედავად, ეს ის იშვიათობაა, როცა პროფკავშირები მადლობას ეუბნება პრეზიდენტსა და ხელისუფლებას, რადგან ჩემთვის ასევე ცნობილია მეზღვაურთა საერთაშორისო პროფკავშირების ქსელიდან, რომ უამრავი ქვეყანა, ჩვენზე უფრო მართლა ძლიერი და მდიდარი ქვეყნებიც კი, ვერ ახერხებენ თავიანთი თანამოქალაქეების გამოხსნას. ერთადერთი, რაც შემიძლია დაფინანსებასთან დაკავშირებით გითხრათ ისაა, რომ ზუსტად ვიცი, საქართველოს მთავრობას  მეზღვაურების გათავისუფლებისთვის თანხა ჯერ არ გადაუხდია.

თანხის გადახდას სამომავლოდ აპირებენ?

- ალბათ, მოვა მაგის დრო, როცა ამის შესახებ ხმამაღლა ვისაუბრებთ.

ამჟამად თანხა თურქეთის მთავრობამ გადაიხადა?

- ჯერჯერობით, არც თურქეთის მთავრობას არ გადაუხდია. მოკლედ რომ ვთქვათ, თანხა ალბათ იქნა გადახდილი, მაგრამ ეს არ ყოფილა საქართველოს მთავრობის მიერ გადახდილი თანხა... ამას არ აქვს მნიშვნელობა, არსებითი ისაა, რომ ბერძენ გემთმფლობელს, რომლის პირდაპირი ვალდებულებაც იყო, მეზღვაურები გაეთავისუფლებინა, თითი თითზე არ დაუკარებია. ამის გამო, სხვა გემებთან მიმართებით, გემთმფლობელს პროფკავშირებისგან ძალიან დიდი პრობლემები შეექმნება. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე და მისი ვერცერთი გემი, რომელიც საკმაოდ მრავლად ჰყავს, ისე ვეღარ ინავარდებს ზღვებში, როგორც ამას აქამდე აკეთებდა. ტრანსპორტის საერთაშორისო პროფკავშირები საკმაოდ ძლიერი ძალაა, რომელიც ამ დისკომფორტს აუცილებლად შეუქნის გემთფლობელს. სხვათაშორის, ტრანსპორტის საერთაშორისო პროფკავშირები ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პროფკავშირებთან უკვე მუშაობს.

ერთი წლის წინ პროფკავშირების ინიციატივით, მეზღვაურების გადასარჩენად სპეციალური მარათონი მოეწყო. რა თანხა შეგროვდა, რადგან ითქვა კიდეც, თითქოს  პროფკავშირებმა ეს თანხა სათავისოდ მოიხმარა, თუმცა მოგვიანებით ითქვ, რომ მეზღვაურების დაბრუნებამდე ბანკში გქონიათ შენახული. გადაეცით ეს თანხა?

- არ გადაგვიცია, ამ თანხას დღეს გადავცემთ. თქვენ იცით, რომ მეზღვაურებს შეგროვილი თანხიდან ადვოკატის მომსახურების თანხა გადავუხადეთ. თუ რამდენი იყო ეს თანხა, ეს მეზღვაურების მშობელთა კომიტეტს უნდა ჰკითხოთ, რადგან ადვოკატისთვის გადახდილი თანხა კონფიდენციალურია. მოგეხსენებათ, მათ უცხოელი ადვოკატი აიყვანეს. ხოლო დღეს რასაც გადავცემთ, ეს გახლავთ 52 თუ 53 ათასი ლარი, რომელიც  ბევრი არაა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ელემენტარული პირადი მოხმარებისთვის გამოიყენებენ. სოლიდარობა სწორედ ის არის, რომ ის მეზღვაური, რომელიც მიიღებს ამ თანხას და ნახავს ჟურნალისტების, მოქალაქეების, პროფკავშირების აქტიობას მათ გათავისუფლებასთან დაკავშირებით, არასდროს დატოვებს გაჭირვებაში მყოფ თანამოქალაქეს, რადგან მან ყველაზე უკეთ იცის, რას ნიშნავს სოლიდარობა, რას ნიშნავს გაჭირვებული ადამიანის გვერდში დგომა.

რა მდგომარეობაში არიან მეზღვაურები? გემბანზე ჯაჭვებით მიბმა მათ თავის დაღს დაასვამდა.

- ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. რამდენიმე მათგანს უფრო დეტალურად  ვესაუბრე. დღეს კი ბათუმში ჩავდივართ და დაბა მახინჯაურის სანავიგაციო ინსტიტუტში მეზღვაურებს კიდევ უფრო ახლოს ვნახავ. ჯანმრთელობის გამოკვლევის გარდა, რაც მათ უკვე ჩაუტარდათ, იმაზეც გვექნება საუბარი, თუ რა სჭირდებათ დამატებით. ამ საკითხებს საზოგადოებას გავაცნობ და  ხელისუფლებისაგან მათ ჯანმრთელობაზე განუხრელად ზრუნვას მოვთხოვთ, რადგან იცით, ისინი საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან. ფიზიკურ ტკივილზე მეტად მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა სავალალო.

თავის დროზე მეკობრეების წინააღმდეგ სპეცოპერაციას გამორიცხავდით, რადგან სპეცოპერაცია, შესაძლოა, თავად მეზღვაურების ლიკვიდაციით დასრულებულიყო.   სხვა შემთხვევებში როგორ ხდება, როგორ ათავისუფლებენ მეზღვაურებს მსოფლიოში?

- ფაქტია, რომ თანხის გადახდის შემდეგ ხდება მათი გათავისუფლება. სპეცოპერაცია ერთხელ ჩაატარა რუსეთმა, სადაც მას დაეღუპა როგორც ოპერაციის ჩამტარებლები, ისე ის ხალხი, ვინც უნდა გაეთავისუფლებინათ. მართალია, ყველა არ დაღუპულა, მაგრამ მათი ნაწილი ვერ გადარჩა. ასე რომ, სპეცოპერაცია არ ამართლებს. წარმოგიდგენიათ, ესენი არიან აბსოლუტურად გაუნათლებელი ტერორისტები. ამიტომ სპეცოპერაციას აზრი ნაკლებად აქვს. თანაც სპეცოპერაციას საქართველო ვერ ჩაატარებდა.

აფხაზური მხარე აცხადებს, თითქოს მათ ჩაატარეს სპეცოპერაცია და ქართული მხარე თურქი და ქართველი მეზღვაურების გათავისუფლებას იბრალებს. ასეთი ინფორმაცია როგორც რუსულ, ისე აფხაზურ საიტებზე გამოჩნდა.

- აფხაზებს თვითონ რა აქვთ, რომ სპეცოპერაცია ჩაატარონ? აბსურდია. აჯობებს, აფხაზებმა რეალობასთან შესაბამისი რამ დაიბრალონ.

მეზღვაურების გათავისუფლების საქმეში თურქეთის ჩართვა დამაჯერებლად არ მიგაჩნიათ? აცხადებენ, რომ თურქეთის ხელისუფლების დონეზე გადაწყდა ეს საკითხი.

- ზუსტად ვიცი, რომ თურქეთის მთავრობამ საქართველოს მთავრობასთან ერთად იმუშავა. ნაწილობრივ, ეს ყველაფერი გადის სადაზღვევო კომპანიის კისერზე, მაგრამ მოვა დრო და დეტალურად გეტყვით, რა და როგორ იყო. ბუნებრივია, თავიდან ბოლომდე საქმის კურსში ვარ.

იმ შემთხვევაში, თუ თურქეთის ნაცვლად საქართველოს ხელისუფლება აპირებდა თანხის გადახდას, აქამდე გადაეხადათ? მით უმეტეს, ჩვენს ხელისუფლებას არ უჭირს, უცხოურ ვოიაჟებს აწყობენ. აქამდე რატომ არ გაათავისუფლეს მეზღვაურები?

- არც მე ვეთანხმები ამ აზრს, რომ მთავრობა ადგეს და გადაიხადოს თანხა.

რა თქმა უნდა, ოფიციალურად არ უნდა გადაიხადოს, რადგან ესპირატებთანთანამშრომლობა გამოვა, მაგრამ - არაოფიციალურად?

- ოფიციალურად ეს სერიოზულ პრობლემებს შექმნიდა სხვა მთავრობებთან ურთიერთობაში, რადგან ცივილიზებულ სამყაროს ცალსახად აქვს ნათქვამი, რომ ტერორიზმთან არ უნდა ითანამშრომლო. ამას ვერ გადაუვა ვერცერთი ქვეყნის მთავრობა, საქართველოზე ათჯერ ძლიერიც რომ იყოს.

მაგრამ არაოფიციალურად გადაეხადათ თანხა? ჩვენს ხელისუფლებას ხომ არ უჭირს?

- არაოფიციალურად რაც მოხდა, ეს არის, რაც განხორციელდა. მეკობრეები 12 მილიონს ითხოვდნენ და 12 მილიონი ნამდვილად არ დამჯდარა ამ ხალხის გათავისუფლება. ბევრად ნაკლები დაჯდა.