"ალილოზე" შეგროვებული ნობათის დარიგება დღეს დაიწყება

საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრიდან დღეს "ალილოზე" შეგროვებული ნობათის დარიგება დაიწყება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრიდან მარინა რეხვიაშვილმა განუცხადა, შეგროვებული ტკბილეულის ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებში დარიგება 12:00 საათზე, სამებიდან დაიწყება.

მისივე თქმით, ამ პროცესში მათ თბილისის მერიაც ეხმარება, რომელმაც ტკბილეულის ტრანსპორტირებისთვის ავტობუსები გამოყო. სულ შეგროვებული პროდუქტი 18 ბავშვთა სახლსა და მოხუცთა ერთ თავშესაფარს გადაეცემა.

დარიგების პროცესში მგალობლები და სასულიერო პირებიც მიიღებენ მონაწილეობენ. ისინი ადგილებზე მივლენ და პარაკლისს გადაიხდიან.

ალილოზე შეგროვებული ტკბილეული ძეგვის, მარტყოფის, ნორიოს, კოჯრის ბავშვთა საოჯახო ტიპის სახლებს, საერთაშორისო ბავშვთა სოფელს, ასევე სხვა ბავშვთა დღის ცენტრებსა და დაწესებულებებს გადაეცემა.