„ქარელში არ აქვთ გზები, არ აქვთ გაზი და არ ყავთ ექიმი“(VIDEO)

„ქარელში არ აქვთ გზები, არ აქვთ გაზი და არ ყავთ ექიმი“(VIDEO)

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია  დღეს ქარელის რაიონის სოფლების - დვანის, დირბის, ქვენატკოცას, ფცასა და ბრეძას ეწვია და ადგილობრივების პრობლემებს პირადად გაეცნო. 

ალასანიას შეფასებით, ამ სოფლებში ხალხი უმძიმეს მდგომარეობაშია - სოფლებში, სადაც 1000 კომლზე მეტი ცხოვრობს, არ არის გზები, გაზი, ექიმი, მოსახლეობას არავინ ეხმარება მიწის დამუშავებაში არც ტექნიკით, არც საწვავით და არც სასუქით. როგორც ალასანიამ აღნიშნა, ხალხს სახლებში გაზი ვერ შეჰყავს, რადგან სახლები დარეგისტრირებული არ აქვთ, თითოეული სახლის რეგისტრაციისთვის კი მათ 250 ლარს სთხოვენ, რასაც ვერც ერთი ადგილობრივი ოჯახი ვერ გადაიხდის. 

“ეს სოფლები, პრაქტიკულად სასაზღვრო ზოლშია და პირველ რიგში იმის ახსნა მინდა, რომ ეს ხალხი ქართულ სახელმწიფოებრიობას იცავს. ისინი ჩვენი მესაზღვრეები არიან. წესით გაათმაგებული ყურადღება უნდა ჰქონდეთ მთავრობის მხრიდან, სინამდვილეში კი შეშაც არ მიუციათ მათთვის”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ და პრეზიდენტის და მთავრობის სპეციალური ფონდიდან ამ სოფლებში მაცხოვრებელთათვის თანხების გამოყოფა მოითხოვა, რაც მათ ზამთრის გადატანასა და საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მომზადებაში დაეხმარება.