ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონში მცხოვრები მცირეწლოვანი გაბრიელ კობაიძისთვის აუცილებელი მედიკამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მის ოჯახს უკვე მიაწოდეს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაბრიელ კობაიძე ჰიპერალერგიული იყო და თუ მედიკამენტს დროულად არ მიაწვდნენ, შეიძლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად გაუარესებულიყო და მძიმე შედეგები მოჰყოლოდა.
მათივე ინფორმაციით, ასევე მოხერხდა ყაზბეგში ჩარჩენილი რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა რუსეთის ტერიტორიაზე.
დიდთოვლობის გამო ამ დროისთვის შექმნილია საგანგებო საკოორდინაციო შტაბი გუდაურში და სტეფანწმინდაში.
გუდაურში იმყოფება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი. გაწმენდილია გზა გუდაურის მიმართულებით. ცალმხრივი მოძრაობა აღდგა მლეთა–გუდაურის მონაკვეთზე, დღის ბოლომდე ამ მიმართულებით ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი.