მაშინ, როცა ბათუმის პიაცა ჯერ კიდევ საახალწლო დღესასწაულის ეიფორიაში იყო, 12 იანვარს იტალიის პატარა ქალაქ ბარში, პიაცას მოედანზე უამრავი ქართველი დააკავეს. ამის მიზეზი არა რეადმისიის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, არამედ გახმაურებული მკვლელობა გახდა.
თუმცა, ჯერ კიდევ გასული წლის 1 მარტამდე, ვიდრე გამარტივებულ სავიზო რეჟიმსა და რეადმისიაზე ხელშეკრულებები ძალაში შევიდოდა, როგორც საუბრებიდან ირკვეოდა, ქართველმა ემიგრანტებმა არც კი იცოდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირთან 2011 წლის დასაწყისში მოაწერა ხელი ამ ხელშეკრულებებს, რომლის თანახმადაც, ერთი მხრივ, გამარტივდებოდა ევროპაში შესვლისათვის ვიზის აღების პროცედურები, მეორე მხრივ კი, არალეგალი ემიგრანტების დეპორტაცია გაიოლდებოდა.
თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ აქამდე იტალიასა და საბერძნეთში მცხოვრები არალეგალი ემიგრანტები თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ და შეკითხვაზე, ხომ არ შეინიშნება ემიგრანტთა დეპორტაციის საფრთხე, მათაგან ერთსა და იგივე პასუხს ვღებულობდი - ქართველ ემიგრანტებს დეპორტაციის საშიშროება არ ემუქრებოდათ. ამას ისინი სხვა ქვეყნებიდან საპროტესტო ტალღის გახშირებასთან დაკავშირებით იტალიასა და საბერძნეთში დევნილების მოზღვავებით ხსნიდნენ.
მაგრამ რამდენიმე დღის წინ, ბარში მომხდარმა მკვლელობამ სიტუაცია რადიკალურად შეცვალა. იტალიის ქალაქებში ერთდროულად დაიწყო არალეგალი ქართველების მასიური დაკავება, მათ შორის - რომში, მილანში და, რა თქმა უნდა, ბარშიც, სადაც ტვირთებისა და გზავნილების ოფისთან ერთ-ერთი მეპატრონე რევაზ ჭურაძე მოკლეს.
ჯერ უცნობია მკვლელობის ზუსტი მიზეზი და მკვლელის ვინაობაც. თუმცა, როგორც ამბობენ, იტალიელ სამართალდამცავებს ეჭვი მაინც ქართველებზე აქვთ. ამდენად, გამოძიებამაც იერიში, პირველ რიგში, ქართველ ემიგრანტებზე მიიტანა.
როგორც ბარიდან „საბუთიანმა ქართველებმა“ მაცნობეს, სამი დღის განმავლობაში ამ სამ ქალაში უკვე 100-ზე მეტი ქართველია დაკავებული. აქედან 40, ბარში ტაძარში ლოცვაზე იმყოფებოდა. ზოგიერთები, ტელეფონების ჯიხურებიდან ოჯახებს ურეკავდნენ, 20-მდე ადამიანი კი ამანათების გასაგზავნად იდგა რიგში.
ყველა მათგანი, მძღოლებიც კი, გაჩხრიკეს და ვისაც საბუთები, ასევე ბარგი წესრიგში ჰქონდა, გაათავისუფლეს. ხოლო „უსაბუთოებს“ სადეპორტო ხელშეკრულება გაუფორმეს და იტალიის ტერიტორიის დასატოვებლად 5-დღიანი ვადა მისცეს.
მაგრამ საქართველოში დეპორტაციის ნაკადი იმიტომ არ დაიძრა, რომ დეპორტირებულები საქართველოში დაბრუნებას არ აპირებენ. ისინი უკვე სხვადასხვა ქალაქებისა და ქვეყნებისაკენ დაიძრნენ. ეს მეთოდი პოლიტიკური თავშესაფრის მომთხვონთა პრაქტიკაშიც დიდი ხანია დამკვიდრებულია, როცა სტატუსზე უარს ეუბნებიან.
ამჯერად, საშიშროება მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში ემუქრებათ, თუ მეორედ აღმოჩნდებიან სამართალდამცავთა ბორკილებში, ან ლეგალიზაციისათვის საბუთის გაკეთებას დააპირებენ. ასეთ შემთხვევაში, მათ სამშობლოში იძულებით დაბრუნება, ან ემიგრაციაში მუდმივად არალეგალურ მდგომარეობაში მომთაბარე ცხოვრება მოუწევთ.
მიუხედავად ამისა, პიაცაზე, თუ სტამბულში, საქართველოს პრეზიდენტი თავს მშვიდად გრძნობს და ამაყობს კიდეც, რადგან დარმწუნებულია, რომ სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, მის ქვეყანას დადებითი საემიგრაციო სალდო აქვს და ნახევრადდაცლილი ქვეყნის მოსახლეობა, მაინც 5 მილიონამდეა შევსებული. ვინ იკავებს ქართველების ადგილს სამშობლოში, ამის გარკვევა სამოქალაქო რეესტრში ერთჯერადად მისვლითაც შესაძლებელია.
იტალიაში მცხოვრები ქართველები კი ამბობენ: „სავიზო რეჟიმი მართლაც რომ ყველასთვის იყოს გამარტივებული, საქართველოში უფრო ცოტანი დარჩებოდით“-ო.