კოლხეთის დაბლობზე ჭაობების დაშრობა პირველად კომუნისტებმა სცადეს და მეორედ სააკაშვილი აპირებს. კომუნისტები კარგად იყვნენ შეიარაღებულნი (როგორ მატერიალურ-ტექნიკურად, ისე გამოთვლა-გაანგარიშების კუთხით) და რაღაც შედეგს მიაღწიეს, სააკაშვილს ხელში არაფერი უჭირავს. ბოლოს და ბოლოს ისიც კი არ არის ცნობილი მიახლოებით მაინც რა დაჯდება ახალი ქალაქის მშენებლობა და ღირს თუ ამისთვის ჭაობებთან ბრძოლა. სახელდება თანხები - 900 მლნ ლარიდან 16 მლრდ ლარამდე.
ლაზიკას მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება. როგორც ქალაქ მარტვილში მოსახლეობასთან სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რამდენიმე დღეში ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა შევა და ჭაობების დაშრობა დაიწყება.
“ვისაც გვჯერა, მოდი ყველა გაგვატარონ, რადგან ამ დღეებში შევდივართ იქ ჭაობების დასაშრობად, შევდივართ ტექნიკით, გვაქვს გეგმები, მუშაობენ მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტორები. ლაზიკა ჩემი ფანტაზიის ნაყოფი კი არ არის. შავიზღვისპირეთში არის რამდენიმე ათეული კილომეტრი, რომელიც ჯერ კიდევ გამოუყენებელია და ის უნდა ავამუშაოთ”, - განაცხადა სააკაშვილმა.
უკვე რამდენიმე თვეა ისმის კოლხეთის ჭაობებში ნახევარმილიონიანი ქალაქის აშენების თაობაზე, მაგრამ კონკრეტული გათვლა თუ რა დაჯდება საქართველოს მეორე “მეგაპოლისის” აშენება არ ასებობს.
რამდენიმე ფინანსური გათვლა ამოტივტივდა მედიაში. ამ ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო ლაზიკას მშენებლობაზე დახარჯავს დაახლოებით 200 მილიონ ლარს (120 მლნ დოლარი), ხოლო დანარჩენ 400 მილიონ დოლარს ან დაახლოებით ამდენს, გადაიხდიან ინვესტორები, რომლებიც არ დასახელებულან.
მთავრობა ამ საკითხზე დუმის, სხვები მხოლოდ მარჩიელობენ, მათ შორის, უცხოელი ჟურნალისტებიც. მაგალითად, გამოცემა “ევრაზიანეტი” ლაზიკას მშენებლობის სავარაუდო ღირებულებად სასაცილო თანხას 900 მილიონი ლარს ასახელებს. ეს, რა თქმა უნდა, მინიმუმ ღიიმილის მომგვრელია. 900 მილიონი უნდა ეყოს ნახევარმილიონიანი ქალაქის აშენებას და მოწყობას, როცა მარტო ერთი პროექტის - ხუდონჰესის განსახორციელებლად 800 მილიონი დოლარიც არ არის საკმარისი.
“ევრაზიანეტი” საგონებელს მისცემია, რადგან არაფერია ცნობილი თუ რამდენი დაიხარჯება მშენებლობაზე გადამხდელთა გადასახადებიდან. არ გავრცელებულა არც ოფიციალური პროექტი, არც დაფინანსების დეტალები; პრეზიდენტის ადმინისტრაცია კითხვებს რეგიონალურ მმართველთან ამისამართებს, ის კი ინტერვიუზე თხოვნას არ პასუხობს. მრავალჯერად თხოვნას ინტერვიუზე, რომელიც 2012 წელს პროექტის დაფინანსებას შეეხებოდა, არ გამოეხმაურა არც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, არც პარლამენტის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე.
გაცილებით უფრო დიდ თანხას და შედარებით რეალობასთან მიახლობულს ასახელებენ ქართველი ექსპერტები. მაგალითად, პაატა კოღუაშვილის ვარაუდით, ლაზიკა დაახლოებით 10 მლრდ აშშ დოლარი (16,5 მლრდ ლარი) “ეღირება”.
“საქართველოს არც ეს თანხა გააჩნია და არც დაანონსებული დემოგრაფიული რესურსი 0,5 მილიონი ადამიანის ოდენობით. თუ მთაში შემორჩენილთა ჩამოსახლებაა გამიზნული, მაშინ ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ მთა და ბარი ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილებია და ხელოვნური მიგრაციების გამოწვევა დაუშვებელია.
დღეს მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც მსგავსი წამოწყებისთვის სამი უმთავრესი პირობა გააჩნია: ფინანსები, დემოგრაფიული რესურსი და დაინტერესება. ეს ქვეყანა ჩინეთია. ამ სახელმწიფოს მთავრობას უკვე ჰქონდა სხვადასხვა მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყნებში ტერიტორიების შესყიდვის მცდელობა. ჩინეთი ჩინელი ბიზნესმენების ხელით 2011 წელს აპირებდა ისლანდიაში შეეძინა 300 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. ეს გარიგება ჩაიშალა”, - აცხადებს ექსპერტი პაატა კოღუაშვილი.
საქართველოს მთავრობაში კი ლაზიკას აშენებასთან დაკავშირებული საპროექტო გეგმა არ არსებობს. თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მთავრობისაგან ახალი ქალაქის აშენებასთან დაკავშირებული საპროექტო გეგმის ან აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებული დოკუმენტების ასლებს ითხოვდა.
საქართველოს მთავრობისგან მიღებულ პასუხში კი აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობაში არ არის დაცული ინფორმაცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის საფუძველზე ახალი ქალაქის- ლაზიკას აშენებას ეხება.
მთავრობის კანცელარიამდე თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ლაზიკას გეგმის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მოითხოვა, თუმცა ინფორმაცია არც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოეპოვებათ.
841
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85