თბილისის მერია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს პენსიაზე 10-ლარიანი დანამატი გაუუქმა. ასეთი ადამიანები ისედაც უფრო ნაკლებ პენსიას იღებდნენ (80 ლარი), ვიდრე ჩვეულებრივი ჯანმრთელი პენსიონერი და ამიერიდან საერთოდაც 70 ლარს უნდა დასჯერდნენ.
ხალხის პარტიის ლიდერის, საკრებულოს დეპუტატის კობა დავითაშვილის მტკიცებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები 10 ლარით ნაკლებ პენსიას იღებენ და ამის მიზეზი ცნობილი არ არის.
“გუშინ და დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ არსებული 80 ლარის ნაცვლად, უკვე 70 ლარს იღებენ. ეს იმ პირობებში, როდესაც ასაკით პენსიონერებს 100-ლარიანი პენსია აქვთ. აღნიშნული ფაქტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დისკრიმინაციაა”, - განაცხადა დავითაშვილმა პრესკონფერენციაზე, რომელიც სპეციალურად ამ საკითხს მიუძღვნა.
საკრებულოს დეპუტატის თქმით, თბილისში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისებს დაპირდნენ, თუმცა ეს რეგიონებს არ ეხება. აქედან გამომდინარე, დედაქალაქში და რეგიონებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისადმი მთავრობა სხვადასხვაგვარ მიდგომას ავლენს.
საკრებულოს ოპოზიციის ბრიფინგს მსწრაფლ გამოეხმაურა დედაქალაქის მთავრობა. თბილისის მერიის სოციალური და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის მამუკა ქაცარავას მტკიცებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა 10-ლარიანი დახმარება პენსია არ ყოფილა.
ქაცარავას თქმით, ქალაქის მუნიციპალიტეტს პენსიის დაკლების ან მომატების უფლება არ აქვს, 10-ლარიანი დანამატი კი იყო ერთწლიანი დახმარების პროგრამა პენსიონერებისთვის, რომელიც დასრულდებოდა მაშინვე, როგორც კი პენსია გაიზრდებოდა.
“სექტემბრიდან ბიუჯეტში აისახა პენსიის 20-ლარიანი მატება და 10-ლარიანი დახმარება ამიტომ შეჩერდა. თუმცა, იმის გამო, რომ პენსიონრების მდგომარეობა არ გაუარესებოდათ, ქალაქის მერიამ ამ 10 ლარის დაზღვევის პოლისში კონვერტაცია გადაწყვიტა, რომელიც გაცილებით უფრო ღირებული და მნიშვნელოვანია პენსიონერებისთვის, ვიდრე კონკრეტული 10 ლარი.
ამავე კატეგორიაში გამოიყო ბენეფიციარები, რომლებიც დაზღვეულნი იყვნენ. ქალაქის მთავრობამ ამაზეც იზრუნა და ისინი თებერვალში, ელექტროენერგიის და გაზის დანახარჯის დასაფარად 120-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ”, - აღნიშნა ქაცარავამ.
მისივე თქმით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პენსიონერების მდგომარეობა არ გაუარესებულა. “პირიქით, მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა, რადგან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პენსიონერებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გაცილებით უფრო ცივილიზებულია, ნებისმიერი სოციალური დახმარება კონვერტირებული იყოს რაიმე პოლისში ან ვაუჩერში, ვიდრე ფულადი დახმარების სახე ჰქონდეს. ესეც სოციალური სამართლიანობის პრინციპია”, - განაცხადა ქაცარავამ.
ერთი სიტყვით, უგულავას უწყების წარმომადგენლის კომენტარებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები მხოლოდ იმას მიხვდნენ, რომ ამიერიდან უფრო ნაკლებ პენსიას მიიღებენ, ვიდრე აქამდე. რაც შეეხება იმის მტკიცებას, რომ 10 ლარის დაზღვევის პოლისში კონვერტაცია მოხდა, ეს არგუმენტი არ არის. დაზღვევის პოლისით შეიძლება მისმა მფლობელმა არც კი ისარგებლოს. ამასთან, ადამიანს (თანაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეს) თუკი ეხმარები, რაღაც პროგრამის მომიზეზებით თანხა არ უნდა წაართვა. ვის ვის და თბილისის ბიუჯეტს ნამდვილად აქვს შესაძლებლობა ცხოვრებისაგან დაჩაგრული რამდენიმე ათასი ადამიანისათვის 10 ლარი გაიმეტოს.
თანაც თიოეული ასეთი მოქალაქის დაზღვევა მერიას უფრო იაფი დაუჯდა. როგორც ამ რამდენიმე დღის წინათ გახდა ცნობილი, უკვე გამართული ტენდერის შედეგად თბილისში დამატებით 30 000 ადამიანი დააზღვიეს და ერთი ბენეფიციარის პოლისის ღირებულებამ თვეში 8-დან 9 ლარამდე შეადგინა.
913
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85