საგარეო უწყება ადრიატიკის ზღვაში დაღუპულთა ოჯახებს და საქართველოს ეკლესიას სამძიმარს უცხადებს

საგარეო უწყება ადრიატიკის ზღვაში დაღუპულთა ოჯახებს და საქართველოს ეკლესიას სამძიმარს უცხადებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადრიატიკის ზღვაში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
 

აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელშიც გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ასევე საქართველოს ეკლესიას სამძიმარს უცხადებს. 

"საგარეო საქმეთა სამინისტრო ადრიატიკის ზღვაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც, ბოლო მონაცემებით 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არის ქართველი სასულიერო პირი დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა ილია კარტოზია. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო უთანაგრძნობს ბორან "ნორმან ატლანტიკზე" გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, საქართველოს ეკლესიას", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მზად არის მის ხელთ არსებული საშუალებების გამოყენებით დახმარება გასწიოს გარდაცვლილი სასულიერო პირის სამშობლოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებაში. 

"აქვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ ქვეყნის მთავრობასა და შესაბამის სამსახურებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ სამაშველო ოპერაციაში, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ბორან "ნორმან ატლანტიკზე" მყოფი მგზავრების ნაწილის გადარჩენა, მათ შორის შვიდი საქართველოს მოქალაქეა", - აღნიშნულია განცხადებაში.