გიორგი მღებრიშვილი - საახალწლოდ 255 მსჯავრდებული გათავისუფლდა

გიორგი მღებრიშვილი - საახალწლოდ 255 მსჯავრდებული გათავისუფლდა

სასჯელაღსრულების სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით, საახალწლოდ 255 მსჯავრდებული გათავისუფლდა, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომლის დროსაც უწყების თანამშრომლები დააჯილდოეს. 

მინისტრის თქმით, გათავისუფლებულებს შორის სამი ქალია, 5 მსჯავრდებული კი,  გადაყვანილი იქნება თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში. გიორგი მღებრიშვილის თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტრო ადგილობრივ საბჭოებთან ერთად აქტიურად მუშაობს, რათა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება დამყარებული იყო სამართლიანობის პრინციპზე, რაც გულისხმობს უპირატესობის მინიჭებას სწორედ იმ მსჯავრდებულთათვის, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ სარეჟიმო მოთხოვნების დაცვით და გამოირჩეოდნენ ფსიქო სარეაბილიტაციო პროგრამებში აქტიური ჩართულობით, ასევე - გაცნობიერებული აქვთ ჩადენილი დანაშაულის შედეგად დამდგარი პასუხისმგებლობა. 

"სწორედ ამ პრინციპებით იხელმძღვანელეს ადგილობრივმა საბჭოებმა 1 200-მდე განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისას, მხედველობაში მიიღეს მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათი, სასჯელის მოხდის პერიოდში მათი ქცევა, სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა, მათი ფსიქოემოციური მდგომარეობა, სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩართულობა და ა.შ.", - განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა და გათავისუფლებულებს, ასევე მსჯავრდებულებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა. 
მინისტრმა პატიმრობაში მყოფ პირებს თავისუფლება უსურვა.