ადრიატიკის ზღვაში, ბორან "ნორმან ატლანტიკზე" მყოფი ქართველი მგზავრებიდან ერთის გარდა ყველა ნაპოვნია. მამა ილია კარტოზიას მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
"საქართველოს ყველა მოქალაქე ნაპოვნია, გარდა მამა ილიასი. ყველანი ნორმალურად გრძობენ თავს. იმედი მაქვს, მამა ილიაც მალე გამოჩნდება. ჩვენ სისტემატური კავშირი გვაქვს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან", - განუცხადა "რუსთავი 2"-ს იტალიაში საქართველოს ელჩმა, კახა სიხარულიძემ.
ადრიატიკის ზღვაში, ცეცხლმოკიდებულ ბორანზე სულ საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის ერთი ბავშვი და ერთი ფეხმძიმე ქალია. ორივე მათგანი ბარის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მამა ილია კარტოზია, რომელიც მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარია, ბარში მოსალოცად მიდიოდა. ის ამ დროისთვის 41 დაკარგულ პირს შორის ითვლება.
ბოლო მონაცემებით, შემთხვევას 10-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაკარგულებს იტალიური ვერტმფერების დახმარებით ეძებენ. ბორანზე ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი ამ დრომდე უცნობია.