ჭიდაობის ფედერაციას ორი წლის განმავლობაში ვეტერანი მოჭიდავე მანუჩარ კვირკველია უხელმძღვანელებს. კვირკველიამ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში 59 დელეგატის ხმა დააგროვა. მისმა ერთადერთმა კონკურენტმა, პარლამენტის დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა კი 43 ხმა მიიღო. 3 ხმა კი ხმის დამთვლელმა კომისიამ ბათილად ცნო.
არჩევნებს დელეგატები დემოკრატიულად აფასებენ. მათი თქმით, ღირსეულმა კონკურენტმა გაიმარჯვა.
კენჭისყრისა და ხმების დათვლის შემდეგ არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატმა ვალერი გელაშვილმა კონკურენტს გამარჯვება მიულოცა.
მანუჩარ კვირკველიას თქმით, ის საკუთარ ენერგიას და დროს ჭიდაობის განვითარებას მაქსიმალურად მოახმარს.
ჭიდაობის ფედერაციაში ყრილობა და კენჭისყრა გუშინ ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მიუხედავად დაძაბული სიტუაციისა, არჩევნებმა მთლიანობაში გართულებების გარეშე ჩაიარა.
თავდაპირველად 4 კანდიდატურა იყო დაყენებული, თუმცა ორმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.