დავით ბაქრაძე - ხალხმა არ იცის რა იქნება ხვალ

დავით ბაქრაძე - ხალხმა არ იცის რა იქნება ხვალ

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის მტკიცებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მისი ეკონომიკური მდგომარეობა უარესობისკენ შეიცვალა. 

როგორც ბაქრაძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, უარესობისკენაა შეცვლილი ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაც.

"ეკონომიკური მდგომარეობა უარესობისკენ შეიცვალა თუნდაც იმიტომ, რომ ლარი გაუფასურდა და ბაზარში პროდუქტების ფასმა მოიმატა. რა თქმა უნდა, ამან ჩემი ცხოვრებაც შეცვალა უარესისკენ, მაგრამ ვიქნები უსამართლო, რომ ჩემი თავი, დეპუტატის ხელფასით შევადარო იმ გაჭირვებულ ადამიანებს, ვისთვისაც ბაზარში 1 ლარით მომატებული ხორცის ფასი არის კატასტროფა. შეიცვალა უარესობისკენ, მაგრამ არ ვიქნები სწორი ვიწუწუნო იმ ხალხივით, ვისაც მართლა უჭირს დღეს. რა თქმა უნდა, ხალხის პრობლემები და გაჭირვება დაიწყო 90-იანი წლებიდან და ეს არ დაწყებულა ორი წლის წინ, მაგრამ განსხვავება ჩვენ დროსა და დღევანდელ დროს შორის არის ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორში – ჩვენ დროს იყო საზოგადოებაში იმის განცდა, რომ ეკონომიკურად ქვეყანაში იყო დინამიკა და საქართველო ვითარდებოდა, რაც არ იყო ტყუილი განცდა – ჩვენს დროს ხელფასები გაიზარდა, პენსიები გაიზარდა, ბიუჯეტი გაიზარდა, სამედიცინო დაზღვევა გაკეთდა. დღეს, მე როგორც საზოგადოების ნაწილს, მაქვს ადამიანებისგან ინფორმაცია, რომ ეს განცდა არ არის, ხალხმა არ იცის რა იქნება ხვალ", - განაცხადა ბაქრაძემ.