"არა თუ უკრაინაში, არამედ საქართველოში არ მქონდა მათი დანახვის სურვილი"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას უკრაინის მთავრობაში დანიშნულ საქართველოს ყოფილი მთავრობის წევრებთან შეხვედრის სურვილი არ აქვს და არც არაფერში სჭირდება.

რაც შეეხება პრემიერის ვიზიტს უკრაინაში, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და როდის შედგება ის, ჯერჯერობით უცნობია.

პრემიერის თქმით, უკრაინისთვის საქართველოს სოლიდარობა და დახმარება მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების სახით გამოიხატება.

კითხვაზე, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველების ბრძოლა არის თუ არა ქართული საქმე, პრემიერი აცხადებს, რომ "ქართული საქმე არის ჩვენი საქმე, ქართული საქმე".

"უკრაინაში ქართველების ბრძოლაზე გეტყვით, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამიჯნული. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ უკრაინას მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოვუჩენდით და ეს ასეც გავაკეთეთ. იცით, რომ გავაგზავნეთ მედიკამენტები, ათასი საშუალება და ეს მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებაა. დანარჩენზე ვერ გიპასუხებთ. ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამიჯნული. ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუცხადებთ სოლიდარობას, ჩვენთვის ძალიან მძიმეა ის რაც უკრაინაში ხდება. მაგრამ, ჩვენი სოლიდარობა და დახმარება მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების სახით გამოიხატება",-განაცხადა ღარიბაშვილმა.