"მინდა რჩევა მივცე ღარიბაშვილს, რომ მას დღის წესრიგს წარსული არ უნდა უქმნიდეს"

"თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრის დღევანდელი პრესკონფერენციიდან მან კონკრეტული სამოქმედო გეგმა ვერ მოისმინა.

როგორც ალასანიამ "იმედის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" აღნიშნა, 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მან მიხეილ სააკაშვილზე ფიქრს თავი დაანება და იმაზე დაიწყო ზრუნვა, თუ რა უნდა გაეკეთებინა თავდაცვის სამინისტროში.

"მთავარი, რაც დღეს ქვეყანას, ხალხს, საზოგადოებას, ბიზნესს სჭირდება ძალიან მყარი, თვის თავში დარწმუნებული მთავრობის თავმჯდომარეა, რომელსაც გააჩნია სამოქმედო გეგმა. მე დღეს ეს რა თქმა უნდა, ვერ დავინახე. მინდა რჩევა მივცე ღარიბაშვილს, რომ მას დღის წესრიგს წარსული არ უნდა უქმნიდეს. როდესაც 2012 წელს "ნაციონალური მოძრაობა" დავამარცხეთ, სააკაშვილზე ფიქრს დავანებე თავი და დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა უნდა გამეკეთებინა თავდაცვის სამინისტროში და ამ ორი წლის განმავლობაში ამ გეგმას მივყვებოდი. ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და გაკეთდა სწორედ იმიტომ, რომ დღის წესრიგს არ ვსაზღვრავდით წარსულით. ჩემი აზრით, დღეს აუცილებელია პრემიერ-მინისტრს ეთქვა თუ რას გააკეთებს იმისთვის, რომ შექმნას სტაბილური გარემო ინვესტიციებისთვის, ბიზნესისთვის, ასევე როგორ შეუწყობს ხელს კონკურენციას. კონკურენციის გარეშე ბიზნესი ვერ განვითარდება და სამუშაო ადგილები ვერ შეიქმნება", - განაცხადა ალასანიამ.