ბაქრაძე უმრავლესობის წევრებს, რომლებიც ჩხუბში თავისდაუნებურად მონაწილეობდნენ, ბოდიშს უხდის

ბაქრაძე უმრავლესობის წევრებს, რომლებიც ჩხუბში თავისდაუნებურად მონაწილეობდნენ, ბოდიშს უხდის

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის განცხადებით, საზოგადოება არ იმსახურებს იმას, რომ დეპუტატები ასე იქცეოდნენ.

როგორც "იმედის" პირდაპირ ეთერში გადაცემა "რეაქციაში" ბაქრაძემ აღნიშნა, გამართლება არ აქვს არც აკაკი ბობოხიძეს და არც იმ დეპუტატს, რომელმაც მას შეურაცხყოფა მიაყენა

"ძალიან ცუდი და დამთრგუნველი სანახავი იყო ეს ყველაფერი. მე იმ მომენტში დარბაზში არ ვიყავი და ძალიან ბევრი ადამიანის მსგავსად ტელევიზორით, პირდაპირ ეთერში ვუყურე ამ დაპირისპირებას. ჩვენ როგორც პარლამენტის წევრებს გვეკისრება სხვა ვალდებულება ამომრჩევლის და საზოგადოების წინაშე, ამიტომ მიუხედავად იმისა რა მოხდა, გამართლება არ აქვს იმას, ვინც დაიწყო და შეაგინა, მითუმეტეს არც კაკო ბობოხიძეს, რომელმაც ვერ მოთოკა ნერვები და ჩართულ მიკროფონში გასცა პასუხი, თუნდაც შეურაცხყოფას. ჩვენი საზოგადოება არ იმსახურებს იმას, რომ დეპუტატები ასე იქცეოდნენ და არც იმას, რომ ადამიანები, რომელთაც მაღალი ანაზღაურება აქვთ, პარლამენტში იმისთვის ისხდნენ, რომ მაგიდებზე ირბინონ და ერთმანეთს თავპირი ამტვრიონ. ამისთვის პარლამენტში არც ხელისუფლებაა და არც ოპოზიციაა. ამიტომ მე ბოდიშს ვუხდი ყველას, მათ შორის კოლეგებს უმრავლესობიდან, იმ ადამიანებს, ვინც თავისდაუნებურად აღმოჩნდა ჩათრეული ამ ინციდენტში", - განაცხადა ბაქრაძემ.

უმცირესობის ლიდერის განმარტებით, ამ ჩხუბით არამარტო პარლამენტის იმიჯი, არამედ 450 ათასზე მეტი მოქალაქე დაზიანდა, რადგან უმრავლესობამ კენჭი უყარა და მიიღო ის კანონპროექტი, რომლითაც დაუბეგრავი მინიმუმი გაუქმდა. მისივე თქმით, ამ კანონპროექტის ჩაგდებისთვის ოპოზიცია 2 დღის განმავლობაში იბრძოდა და წარმატებასაც მიაღწია.