რუსეთის პოლიტიკა მტრული და აგრესიულია

რუსეთის პოლიტიკა მტრული და აგრესიულია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თუ ვლადიმერ პუტინი კონკრეტულ თემებზე სასაუბროდ მზად არის, მასთან შეხვედრას აზრი აქვს.

როგორც მარგველაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, ასეთი შეხვედრის გამართვის შემთხვევაში, საუბარი უნდა შეეხოს არსებული ფორმატების ზემოთ მყოფ საკითხებს - ტერიტორიულ მთლიანობას, დევნილების დაბრუნებას და სხვა თემებს.

"რუსეთთან ურთიერთობების ორი ფორმატია. ერთი არის ჟენევის ფორმატი, მეორე არის აბაშიძე-კარასინის დიალოგი. ამ ფორმატებში გარკვეული საკითხები განიხილება. ბუნებრივია, პრეზიდენტების შეხვედრა ამ ფორმატების ზევით საკითხებს უნდა შეეხებოდეს. ბევრი საკითხია, ტერიტორიული მთლიანობა, დევნილი მოსახლეობა. არის თემები, რომლებიც ამ დიალოგებზე მაღლაა. თუ მზად ვართ ამ თემებზე სასაუბროდ, ბუნებრივია ასეთ შეხვედრას აზრი აქვს", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან მზაობა არის შეხვედრების, მაგრამ არაფერი განსაზღვრული ამ თემატიკასთან დაკავშირებით არ არის.

რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი, მარგველაშვილის განცხადებით, პუტინი არის ქვეყნის ლიდერი, რომელთანაც ქართულმა მხარემ უნდა განიხილოს და შეეცადოს დაალაგოს ურთიერთობები.

"პოლიტიკა რუსეთის მტრული და აგრესიულია და ეს ყველამ ვიცით. პუტინი არის ადამიანი, რომელთანაც იმედი მაქვს, რომ რაღაც ეტაპზე დამყარდება რაციონალური ურთიერთობა. ამ რაციონალური ურთიერთობის დალაგებდე, არ მინდა არც გავაფუჭო ურთიერთობა ზედმეტის თქმით და არც ზედმეტად დავატკბო", - აღნიშნა პრეზიდენტმა.