საქართველოს ჩართვა უკრაინის მოვლენებში სამხედრო თვალსაზრისით არის უაღრესად სახიფათო

საქართველოს ჩართვა უკრაინის მოვლენებში სამხედრო თვალსაზრისით არის უაღრესად სახიფათო

ქართველი მებრძოლების ქმედებები უკრაინაში პოლიტიკური განხილვის საკითხი ვერ იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ჩართვა უკრაინის მოვლენებში სამხედრო თვალსაზრისით არის უაღრესად სახიფათო და საქართველომ ეს ნაბიჯი არ გადადგა. მარგველაშვილის განცხადებით, ყველა სხვა ინიციატივა, რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება, არის ინდივიდუალური.

"ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ შემდეგია - ქართულმა სახელმწიფომ უკრაინას მხარი დაუჭირა ჰუმანიტარული და პოლიტიკური თვალსაზრისით. ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა. სამხედრო თემატიკაში საქართველოს ჩართვა არის უაღრესად სახიფათო თემა. ჩვენმა სახელმწიფომ ეს ნაბიჯი არ გადადგა, არც უნდა გადაედგა. შესაბამისად, ყველა სხვა ინიციატივა, რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება, არის ინდივიდების ინიციატივა. პოლიტიკური განხილვების საკითხი ვერ იქნება ქართველი მებრძოლების ქმედებები. ეს ცალკე ისტორებია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საქართველო უკრაინის მიმართ მოიქცა ძალიან სამართიანად და ძალიან სწორად. "ჩვენ მართლა გამოვხატეთ მხარდაჭერა. საქართველომ დაუჭირა უკრაინას მხარი ბევრად მეტად, ვიდრე ბევრმა სხვა ქვეყანამ. ევროპის ქვეყნები ავიღოთ, შეერთებული შტატები ავიღოთ - ჩვენზე მეტი განცხადება ვინმეს გაუკეთებია?! ჩვენ, პატარა ქვეყანა, რუსეთის მეზობელი, ბევრად მეტად რისკავს, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს. ჩვენ ძალიან მაღალი სტანდარტი გვაქვს. თუ ეს სტანდარტი არ მოსწონს ოპოზიციას, ეს ოპოზიციის უფლებაა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.