"ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად გაერთიანდა

პირადი ცხოვრების დაცულობა ბევრად მაღალი იყო იმ კანონპროექტით, რომელიც ერთად, შეთანხმებულად, ერთი და იგივე რიტორიკით დამიძლიეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ქართულმა ოცნებამ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტისთვის მის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ პროექტზე საუბრისას განაცხადა, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ არ გაიზიარა. მარგველაშვილი აღნიშნული მაგალითით ეცადა აეხსნა, არის თუ არა ის "ქართული ოცნების" გუნდის წევრი.

"როცა 2012 წელს მოვდიოდით ხელისუფლებაში და ვსაუბრობდით იმაზე, როგორ უნდა შეცვლილიყო ქვეყანა, ჩვენ ერთი გუნდი ვიყავით, როცა დღეს რაღაც თემებზე ვერ ვთანხმდებით, მაგალითად მოსმენების შესახებ კანონზე, ჩვენ არ ვართ ერთი გუნდი და ეს ნათლად გამოჩნდა. "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" გაერთიანდა იმისთვის, რომ პრეზიდენტის ვეტო და პრეზიდენტის ვერსია დაეძლია, რომელიც დღესაც შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე სწორი, ყველაზე დაბალანსებული და გაწონასწორებული იყო და რის შემდეგაც ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც თურმე არავის არ მოსწონს. შემიძლია ნებისმიერ შინაარსობრივ კამათში დავამტკიცო, რომ ჩვენი ვერსია იყო ყველაზე სწორი, რადგან არ იყო დაფუძნებული არარეალურ სქემებზე, რადგან ახალ კომპონენტებს არ ქმნიდა და არსებული სქემის გაწონასწორებას აკეთებდა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ქართულმა ოცნებამ" – ორივემ ერთნაირი რიტორიკა გამოიყენა და დაძლიეს ჩემი ვეტო. ანუ, ამ შემთხვევაში ერთიანი გუნდი სრულიად სხვა პოზიციაზე იყო და მე სრულიად სხვა პოზიციაზე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის მტკიცებით, ადამიანის და სისტემის დაცულობა იმ ვარიანტით, რომელსაც პარლამენტს თავად სთავაზობდა, ბევრად უფრო მაღალი ხარისხის იყო, ვიდრე არის ახლა.