თბილისი ყვითელი “მარშრუტკების” გარეშე დარჩა. ტენდერის პირობები დაირღვა. ამიტომაც “თბილისის მიკროავტობუსი” დაჯარიმდა. თავიდან ყველას ეგონა, რომ მერიამ კომპნაი 1,3 მლნ დოლარით დააჯარიმა, მაგრამ შეცდნენ. განა უგულავა იმის ჩიტია, რომ საკუთარი ჭერქვეშ მოქცეული ბიზნესი ამხელა თანხით ეზარალებინა? არამც და არამც. ამიტომაც “თბილისის მიკროავტობუსს” ამ ეტაპზე 100-ლარიანი საჯარიმო ქვითარი აკმარეს და ვადა გაუგრძელეს.
თუმცა, აქ მაინც მოუვიდათ ხარვეზი. ვადა მხოლოდ და მხოლოდ თებერვლამდე გაგრძელდა. ბავშვმაც კი იცის, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ვერც თებერვლამდე “გააყვითლებენ” ქალაქის სატრანსპორტო სისტემას. თუკი მათ 7 თვეში სამარშრუტო ტაქსების პარკის ოდენ 30% განაახლეს, თვენახევარში ძველი მანქანების 70%-ის ახლით ჩანაცვლებას ვერ მოახერხებენ.
მაგრამ საქმე ისაა, რომ “თბილისის მიკროავტობუსს”, თუკი მეორედაც ვერ შეასრულა პირობა, არც მაშინ დასჯიან სათანადოდ და კიდევ ერთ ვადას მისცემენ. უკვე იმის შემდეგ ან უგულავა დარჩება ამ ქალაქში და ან ყვითელი “მარშრუტკები”.
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის აკაკი ჯოხაძის განცხადებით, თბილისში სამარშუტო ხაზებზე 15 იანვარმდე 3 068 ახალ მიკროავტობუსს უნდა ემოძრავა, თუმცა პირობა ბოლომდე ვერ შესრულდა (ჯოხაძეს დაავიწყდა ეთქვა, რომ პირობა სანახევროდაც ვერ შესრულდა).
“ნებართვის მფლობელ თითოეულ კომპანიას სანებართვო პირობების დარღვევისთვის ჯარიმა დაეკისრათ და დამატებითი დრო მიეცათ კონტაქტის ბოლომდე შესრულებისთვის. კომპანიებს კანონით გათვალისწინებული ვადა განესაზღვრათ, რათა ახალი მიკროავტობუსების დარჩენილი რაოდენობა შემოიყვანონ. თუ დამატებით დროშიც აღნიშნული კომპანიები პირობებს ვერ შეასრულებენ, საკითხი კანონის სრული დაცვით მოწესრიგდება”, - აღნიშნა ჯოხაძემ.
როგორც ცნობილია, “თბილისის მიკროავტობუსს” 3 068 ახალი სამარშრუტო ტაქსი დედაქალაქში 2012 წლის 15 იანვრისთვის უნდა შემოეყვანა, თუმცა ამ ეტაპზე კომპანიამ მხოლოდ 1 200 მანქანის შემოყვანა შეძლო, რითაც სატენდერო პირობები დაარღვია. ტენდერის პირობების დარღვევისთვის თბილისის მერიამ კომპანიები “თბილლაინი”, “ფაბლიკი”, “კაპიტალ გრუპი” და “თბილ ქარი” დააჯარიმა - ჯამში 100 ლარით.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქდმ-ს წესრი ჯაბა სამუშიას თქმით, იმისათვის, რომ თბილისში შეიქმნას იმიტაცია, თითქოს ყველგან არის ახალი სამარშრუტო ტაქსები, ხაზებზე ხელოვნურად შეამცირეს სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა, რაც ასევე ტენდერის პირობების დარღვევაა.
“ტენდერში გამარჯვებულ ოთხ კომპანიას 15 იანვრამდე თბილისში სამარშუტო ხაზებზე 3 068 ერთეული “ფორდის” მარკის ყვითელი მიკროავტობუსი უნდა შემოეყვანა. რეალურად კი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული რაოდენობის 60-70%-ია შეუსრულებული. ხელშეკრულების დარღვევა თვალშისაცემი რომ არ ყოფილიყო, სხვადასხვა სამარშუტო ხაზებიდან 5-8 მიკროავტობუსი მოიხსნა და სხვადასხვა ხაზებზე გადანაწილდა. მთლიანობაში კი ტენდერი ჩავარდა.
ამ კომპანიებმა დაარღვიეს სატენდერო პირობები. აქედან გამომდინარე, ჩვენ მერიას მოვუწოდებთ, განახორციელოს კონრეტული ქმედება ამ ფირმების მიმართ. ტენდერის პირობების თანახმად, მათ ეკისრებათ 1 300 000 აშშ დოლარის ჯარიმა”, - განაცხადა სამუშიამ და თბილისის მერიას მოუწოდა, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა დააკომლექტონ ის ლოტები, რაზეც ყოფნით სამარშრუტო ტაქსები, დანარჩენ ლოტებზე კი შესაძლებელია გამოცხადდეს ახალი კონურსი.
ამასთან, სამუშიას განმარტებით, ახალი კონკურსის გამოცხადება ხელს შეუწყობს ამ ბაზარზე კონკურენციის გაზრდას. ხოლო თუ მერიას კომპანიებს დაბალ ჯარიმას დააკისრებს, ეს დაადასტურებს იმას, რომ მერია ლობირებას უწევს მათ. მისივე თქმით, კონტრაქტის დარღვევის პირობისთვის არანაირი ფორსმაჟორული სიტუაცია არ შექმნილა და დაკისრებული ვალდებულება 15 იანვრამდე უნდა შესრულებულიყო.
819
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85