ბიძინა ივანიშვილისა და უჩა მამაცაშვილის ინტერესების გამო

ბიძინა ივანიშვილისა და უჩა მამაცაშვილის ინტერესების გამო "RMG"-ის ლიცენზია უფასოდ გაუგრძელდა

ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის" ყოფნის დროს კაზრეთის საბადოები საყდრისი-ყაჩაღიანის აფეთქების გარეშე მუშაობდა, - აღნიშნული განაცხადება პარლამენტის სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ გააკეთა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა კომპანია "RMG"-ში ბიძინა ივანიშვილისა და უჩა მამაცაშვილის ინტერესებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ლიცენზია უფასოდ გაუგრძელდა.

"დღეს ფინანსთა მინისტრმა საინტერესო განცხადება გააკეთა: – წელს პირველად თურმე, კაზრეთში სახელფასო ფონდი 400-ათასზე ჩამოვიდა, ხოლო მანამდე თურმე მილიონები იყო. მანამდე, ანუ როდის? – ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის" ყოფნის დროს. წელს თურმე პირველად ფინანსთა სამინისტრომ 9-მილიონით დააფინანსა ბოლნისი. მანამდე თურმე თვითკმარი რაიონი იყო და თავისი შემოსავლებით კმაყოფილდებოდა. მანამდე, ანუ როდის იყო ყველაფერი კარგად?! – ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის" ყოფნის დროს. წელს ყველაფერი თურმე გაფუჭდა და ჩამოიშალა. რა უქენით საქართველოს ეკონომიკას ასეთი, რომ ყველაფერი გააჩერდეთ?! ჩვენ დროს კაზრეთის საბადოები საყდრისი-ყაჩაღიანის აფეთქების გარეშე მუშაობდა. გაგახსენებთ ჭორებს, რომელსაც ბინძურად ავრცელებდით – მოჭმული ძუძუების არ იყოს, რომ ოქროს მარაგი თურმე მიხეილ სააკაშვილმა მიითვისა. იცით რამდენი გადაიხადა კომპანიამ თავის დროზე, როცა ლიცენზია მიენიჭა?! – 110-მილიონი დოლარი. თურმე სააკაშვილმა თავის საკუთარ კომპანიას, როგორც თქვენ ამას ავრცელებდით, 110-მილიონი გადაახდევინა. თქვე რას აპირებთ?! - აპირებთ იმას, რომ უფასოდ გაუგრძელოთ მას ლიცენზია. რატომ ბატონებო, იმიტომ ხომ არა, რომ სწორედ ლიცენზიის უფასოდ გაგრძელების პირობით მიიღო საყვარელმა დეიდაშვილმა უჩამ ოქროს საბადოებში წილი?! სწორედ იმიტომ ხომ არა, რომ უკვე სწორედ ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესია ამ კომპანიაში?!", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის სხდომაზე.