ის სარწყავი არხები, რომელიც მდინარე მაშავერადან იღებს სათავეს და დაახლოებით 8 000 ჰექტარ ტერიტორიას რწყავს, მძიმე მეტალებითაა დაბინძურებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წევრმა ნოდარ თხელიძემ განუცხადა.
კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორაგანიზაციების ქსელის წევრებმა დღეს ჟურნალისტებისათვის სხვადასხვა საკითხებზე პრეზენტაციები გამართეს, რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტში მადნეულის საბადოსთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხებოდა. კერძოდ, თხელიძემ წარმოადგინა მიმოხილვა თუ რა გავლენას ახდენს მადნეულის საბადო საირიგაციო სისტემებსა და სოფლის მეურნეობაზე. თხელიძემ საუბრისას გამოიყენა გერმანელი და ქართველი მეცნიერების ერთობლივი კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები, რომელიც ორგანიზაციისათვის ხელმისაწვდომი იყო. მისი თქმით, ნიადაგში ბოსტნეულის კულტურებში ფიქსირდება მძიმე მეტალების დიდი რაოდენობის კონცენტრაცია, კერძოდ, მდინარე მაშავერას ქვემო ნაწილში არსებულ ნიადაგებში. მისივე თქმით, ეს ნიადაგები ძლიერ დაბინძურებული არის მძიმე მეტალებით, კერძოდ, სპილენძით, თუთიითა და კადნიუმით, რომელთა შემცველობა ზღვრულად დასაშვებს რამდენჯერმე აღემატება.
პროექტ "მადნეულის სამთო გამამდინარებელი კომბინატის გავლენა ბოლნისის რაიონის ნიადაგებსა და წყლებზე" ფარგლებში კვლევა რამდენჯერმე ჩატარდა, კერძოდ, 2003-06 წლებში, შემდგომ 2007-10 წლებში. კველევები ერთობლივად აწარმოეს გერმანიის გისენის უნივერისტეტის, თსუ-ს, აგრარული უნივერისტეტის, ილია სახელმწიფო უნივერისტეტის მკვლევარებმა. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ერთ ჰექტარზე მძიმე მეტალების რაოდენობა ხშირად რამდენიმე კილოგრამს შეადგენს და მას მკვეთრი უარყოფითი ზეგავლენა აქვს ნიადაგზე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე და საბოლოო ჯამში აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე.
"ის სარწყავი არხები, რომელიც მდინარე მაშავერადან იღებს სათავეს და დაახლოებით 8 000 ჰექტარ ტერიტორიას რწყავს, მძიმე მეტალებითაა დაბინძურებული. სარწყავი ტერიტორია ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი მძიმე მეტალებითაა დაბინძურებული. კერძოდ, ერთ ჰექტარზე სპილენძის რაოდენობა 12,5 კგ-ს შეადგენს, მორწყვის შედეგად ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე სწორედ ამ რაოდენობის სპილენძი გროვდება", - აღნიშნა თხელიძემ.
მისივე თქმით, ქართულ-გერმანულმა მეცნიერების ექსპედიციამ გერმანული ნორმატივები გამოიყენა, რომლის მიხედვითაც ასევე ერთ ჰექტარზე 3 კილოგრამამდე თუთია და კადმიუმი 17-დან 100 გრამამდე გროვდება. ნოდარ თხელიძემ საუბრისას დასძინა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი არა მარტო თბილისს ამარაგებს სოფლის მეურნეობის პროდუქტებით და წლიურად ამ მუნიციპალიტეტში დაახლოებით რამდენიმე ათასი ტონა სხვადასხვა ბოსტნეული მოდის.