საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ლორთქიფანიძის თქმით, დაპირისპირება მასსა და უმცირესობის წევრ ლევან ბეჟაშვილს შორის იმ მიზეზით მოხდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს საზოგადოებაში ცრუ ინფორმაციები გაავრცელოს.
როგორც ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უმცირესობის წევრები ტყუილთან დაკავშირებით პასუხს ყოველთვის მიიღებენ.
"მგლის თავზე სახარებას კითხულობენო, ისეა "ნაციონალების" საქმე. პლენარულ სხდომაზე ხაჩიძე გამოდიოდა და საცურაო აუზებზე საუბრობდა, მაშინ როდესაც საცურაო აუზები და სპორტული დარბაზები გაყიდეს ქვეყანაში, სპორტული ინფრასტრუქტურა გააჩანაგეს და გაანადგურეს. ამასთან დაკავშირებით მე მივმართე მათ, რომ ტყუილის ლაპარაკს თავი დაანებონ. ამაში ჩაერთო დეპუტატი ბეჟაშვილი და დაპირისპირება სწორედ ამიტომ მოხდა. ისინი ძალიან ბევრს ლაპარაკობენ და ამაზე ახლაც მიიღეს პასუხი და მომავალშიც მიიღებენ", - განუცხადა დავით ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს.
პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ უმცირესობის დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი და უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე.
დაპირისპირება სხდომათა დარბაზში მოხდა. მანდატურებმა დეპუტატების გაყვანა სხდომათა დარბაზიდან შეძლეს.