სულხან მოლაშვილის განცხადებით, მისი წამების შემკვეთი სააკაშვილი იყო, ხოლო ზედამხედველი - გიგა ბოკერია. ამის შესახებ მოლაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ მისი დაკავების შემდეგ, დროებითი მოთავსების იზოლატორში გიგა ბოკერია ადეიშვილთან და გრიგალაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
"დაკავებიდან პირველივე ღამეს ელექტროშოკით და სიგარეტით მაწამეს, შემდეგ გადამიყვანეს #7 საპყრობილეში, რომელიც ერთხელ ნახეს ჟურნალისტებმა და არასამთავრობოებმა 10 წუთის მანძილზე. ვიდრე ისინი შემოვიდნენ, იქ 1 თვე ვიყავი, არსებობს სურათებიც. 28 დღის განმავლობაში 32 კილო დავიკელი, რაც ცხადყოფს ჩემი იქ ყოფნის პირობებს. მეუხერხულება საუბარი, თუმცა არ არსებობდა ნივთი, საყოფაცხოვრებო დანიშნულებისაც კი, დაწყებული ხელის საპნიდან, დამთავრებული გაზეთის ნაგლეჯით, აღარაფერს ვამბობ კბილის ჯაგრისზე და შუქზე, - სანთელზე, რომ რაღაც დამენახა. შუა საუკუნეების შემდეგ, ასეთი წყვდიადი ალბათ მხოლოდ კინოებშია. ვიკვებებოდი მეზობელი საკნიდან მოწოდებული საკვებით. "საქაერონავიგაციის" ხელმძღვანელი, ცხონებული ზურაბ ჭანკოტაძე მაწვდიდა საკვებს", - განაცხადა მოლაშვილმა.
მისი თქმით, ფილიპ დიმიტროვს ამ პირობების ნახვის შემდეგ გული წაუვიდა, მათიას იორშმა კი 10 წუთი გაუძლო.
2014 წლის 23 ოქტომბერს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის ოთხი მუხლით გაამართლა. სასამართლოს განჩინებით, საქართველოს მთავრობას სულხან მოლაშვილისთვის 20 000 ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა და ერთი წლის ვადაში საქმის ხელახალი გამოძიება დაეკისრა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განჩინების მიხედვით, სულხან მოლაშვილის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მესამე, მეხუთე, მეექვსე და მეთოთხმეტე მუხლები. ეს მუხლები, შესაბამისად, შეეხება ადამიანის ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, დისკრიმინაციისა და წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის დაუშვებლობა.
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი 2004 წლის აპრილში დააკავეს. მას ბრალად ედებოდა სახელმწიფოსათვის 3 მილიონი ლარის ოდენობის მატერიალური ზარალის მიყენება, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა და უფლებამოსილების გადამეტება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რამდენიმე ეპიზოდში ბრალდების მოხსნის შემდეგ კი სასჯელის ზომა 1 წლით შეუმსუბუქა.
სულხან მოლაშვილმა საპატიმროში 4 წელი დაყო. 2008 წელს იგი პატრიარქის შუამდგომლობის საფუძველზე გათავისუფლდა.