თავდაცვის მინისტრის გადადგომის მოთხოვნის საკითხი აბსურდია

თავდაცვის მინისტრის გადადგომის მოთხოვნის საკითხი აბსურდია

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი თავდაცვის მინისტრის გადადგომის შესახებ მოთხოვნას 'აბსურდად' მიიჩნევს. ამის შესახებ სუბარმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ განუცხადა.

"თავდაცვის სამინისტრომ მოიხადა ბოდიში არასწორი განცხადების გამო და პრემიერმაც მისცა შეფასება. რაც შეეხება გადადგომის საკითხს, ეს აბსურდია და განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს მოთხოვნა იმ ოპოზიციური ძალის მხრიდან მოდის, რომელმაც მისი მმართველობის 9 წლის განმავლობაში ვერ შეძლო თავიდან აეცილებინა ომი, მეტიც ომი 2 დღეში წააგო და შემდეგ კონცერტი გამართა რუსთაველზე ვითომ გამარჯვების და ამ დროს დაკარგული ტერიტორიების აღსანიშნავად; რომლის მთავარსარდალი ფორთხავდა ტალახსა და მტვერში და ბოდიში არ მოუხდია ქართველი ხალხისთვის და რომლის თავდაცვის მინისტრებიდან ერთი ძებნილია, ერთი ციხეში ზის, ერთი კი ძლივს გადაარჩინეს დაჭერას", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე მტკიცებით, თავდაცვის მინისტრის შეცვლის საკითხი არც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, არც 'ხვალ და არც ზეგ' არ განიხილება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სკანდალური განცხადების შემდეგ მინდია ჯანელიძის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, საზოგადოების წარმომადგენლები და თვით სამხედროებიც გამოდიან.

20 დეკემბერს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც უკრაინაში საქართველოს მოქალაქის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობა უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო წინა ხელისუფლებას დააკისრა.

21 დეკემბერს კი, თავდაცვის სამინისტრომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადება ოფიციალური ვებ-გვერდიდან წაშალა.

32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც 2007-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, უკრაინაში 18 დეკემბერს დაიღუპა.