საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით საზოგადოებას "ისტერიის" დასრულებისკენ მოუწოდებს.
შესაბამისი განცხადება პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მისთვის გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რაც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას მოჰყვა.
"სრულიად გაუგებარია ჩემთვის ის აჟიოტაჟი, რომელიც ატყდა თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, მოწოდებები იმის თაობაზე, რომ მინდია ჯანელიძე გადადგეს, მე მგონი არასწორი საუბარია. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ უფრო გონივრული იქნება, დროზე დავასრულოთ ეს საუბარი და მართლაც ისტერია. მინდია ჯანელიძესთან მქონდა საუბარი. მას არც ეუხერხულება და არც არაფერი. ჩვენ ვისაუბრეთ და გამოვხატეთ პოზიცია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მოწოდებაზე "ამხელა აჟიოტაჟი" ატყდა, ძალიან შეუსაბამო, შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელია თავდაცვის სამინისტროსი.