„რუსეთი კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს ანექსიისკენ“

„რუსეთი კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს ანექსიისკენ“

ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ სამოკავშირეო ხელშეკრულების შესაძლო გაფორმებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეს არის უარყოფითი ფაქტი, რასაც აუცილებლად მოჰყვება რეაგირება საერთაშორისო საზოგადოებისგან.

„ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი რუსეთის მხრიდან საქართველოს ანექსიის. ეს არანაირ იურიდიულ ძალას არ ფლობს, რადგან ამოვარდნილია ყოველგვარი საერთაშორისო ნორმებისა და შეთანხმებებისგან. საქართველოს არ ექნება არცერთი ნაბიჯი უკან და არ შესუსტდება საქართველოს პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა და ისევე როგორც აფხაზეთთან მიმართებაში, ამ შემთხვევაშიც იქნება დაგმობილი რუსეთის ეს ქმედება“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.

რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ე.წ. სამოკავშირეო და სტრატეგიული ურთიერთობების დოკუმენტზე, რომელიც მხარეებს შორის სამხედრო-პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ურთიერთობებს ითვალისწინებს.

მსგავსი დოკუმენტი რუსეთის პრეზიდენტმა მიმდინარე წლის ნოემბერში  აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან უკვე გააფორმა.