"მაესტროს" ცხრიანის ყოფილი მთავარი პროდიუსერის, სოფო ზურაბიანის განცხადებით, ტელეკომპანიაში არც ერთი ე.წ. სახე აღარ დარჩა.
როგორც სოფო ზურაბიანმა "მაესტროდან" წამოსულ კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბოლო დღის განმავლობაში იყო ბევრი საუბარი, რომ ამდენი ხალხი "მაესტროდან" ერთი ადამიანის გამო წამოვიდა, რომლის სახელი და გვარია კოკა ყანდიაშვილი.
"ეს ასე არ არის. ეს რომ ასე არ არის, რამდენიმე მაგალითის მოყვანა შემიძლია. კოკა ყანდიაშვილი გახლავთ კანცელარიის თანამშრომელი. მისი სტატუსი დღეს ეს არის. თუ არხს დააკვირდებით, არხზე აღარ დარჩა არც ერთი სახე. ბოლო სახეები, ნინო ჟიჟილაშვილი და ვასიკო ოდიშვილი აღარ არიან არხზე. არხზე რჩება ერთადერთი სახე კოკა ყანდიაშვილი. აქცენტი სწორედ მასზე გააკეთა ტელეკომპანის მენეჯმეტმაც და დამფუძნებლებმაც, სამწუხაროდ. ეს არ არის ახალი თემა, ჩვენ ერთხელ უკვე შევაჩერეთ კოკა ყანდიაშვილის პროექტის დაწყება "მაესტროზე". ვიბრძოდით ძალიან დიდხანს, ვიდრე ეს იყო შესაძლებელი", - აღნიშნა ზურაბიანმა.
მისივე თქმით, კოკა ყანდიაშვილის მიერ ზოგიერთი ჟურნალისტის წარსულზე საუბარი მიუღებელია და არ ურჩევს ყანდიაშვილს ეს საუბარი გააგრძელოს.
"მე მას არ ვურჩევდი სხვების ბექგრაუნდის ძიებას, იმიტომ, რომ თვითონ მას აქვს ნათქვამი, რომ ასრულებდა პოლიტიკურ დაკვეთებს. შესაბამისად, პოლიტიკური დაკვეთის ერთხელ უკვე შემსრულებელი ადამიანი, რომელიც "მაესტროზე" მოდის არა მარტო თავისი გადაცემით, არამედ იდეოლოგიითა და შესაძლებლობით, რომ ჩაერიოს ყველგან და ყველაფერში, მარტივი დასანახია რას შეცვლიდა არხზე", -განაცხადა ზურაბიანმა.
არხის სახეების დაკარგვაზე ისაუბრა "მაესტროს ცხრიანის" წამყვანმა, ნინო ჟიჟილაშვილმაც. მისი თქმით, ბოლო 6 თვის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით არხის რამდენიმე, ე.წ. სახე დაკარგეს.
"დაიწყო ეს ვახო სანაიათი, გაგრძელდა თეონა გეგელიათი, დიანა ტრაპაიძეთი და ახლა ჩვენ ვართ აქ", - განაცხადა ჟიჟილაშვილმა.
როგორც არხიდან წასულმა ჟურნალისტებმა აღნიშნეს, ტელეკომპანია "მაესტრო" გუშინ 20-მდე თანამშრომელმა დატოვა.