ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისრის იოჰანეს ჰანის განცხადებით, ასოცირების შეთანხმება საქართველოს ევროპული მისწრაფების შედეგია.
ამის შესახებ იოჰანეს ჰანი საქართველოს მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვაში აცხადებს.
„ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო, მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ევროპარლამენტმა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება განახორციელა. საქართველო აღმოსავლეთის პარტნიორობის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ასოცირების ხელშეკრულება არის შედეგი საქართველოს ევროპული მისწრაფებისა. ეს თქვენი ევროპული არჩევანია. ევროკავშირის ინტერესია, რომ რეგიონში საქართველოს დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში დაეხმაროს.“,-განაცხადა ევროკომისარმა.
მისივე თქმით, ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციით საქართველო ტრანსფორმაციას მოახდენს და ევროკავშირთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს გააღრმავებს.
როგორც იოჰანეს ჰანიმ აღნიშნა, საქართველომ ასევე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ქვეყანას მის მიზანთან - ევროკავშირთან უვიზო რეჟიმთან დააახლოებს.