პროექტი, რომელიც სატელევიზიო რეკლამაზე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს, ბიუროს სხდომაზე იქნება ინიცირებული
"მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მთავარი არსიც სატელევიზიო რეკლამის დროის ლიმიტირებაში მდგომარეობს , პარლამენტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წარუდგენს.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შემუშავებული პროექტის ინიცირებას კომიტეტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე განახორციელებს.
კომიტეტის წევრებმა პროექტის ინიცირების საკითხს დღეს მხარი დაუჭირეს, თუმცა იმ პირობით, რომ კანონის ძალაში შესვლის და ნორმების ამოქმედების ვადები გადაიხედება და ამ მხრივ წარმოდგენილი ვარიანტის კორექტირება მოხდება.
პროექტით სატელევიზიო ეთერში სარეკლამო ჭრების დროითი მოცულობა იზღუდება და კანონის საფუძველზე მცირდება. "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით, 2015 წლიდან სარეკლამო ჭრა (სარეკლამო და სასპონსორო ბლოკი) იქნება არაუმეტესს 15 წუთი ერთი საათის განმავლობაში, რაც ერთ საათში ერთჯერადად არ განთავსდება და სამ-ოთხჯერ "გაიჭრება". გარდა ამისა, პროექტით შეთავაზებულია, რომ ახალი ამბების პროგრამა რეკლამით შეიძლება შეწყდეს არაუმეტეს 30 წუთში ერთხელ. ასეთივე ტიპის შეზღუდვა ეხება საბავშვო პროგრამებს, მხატვრული ფილმის რეკლამით წყვეტას.
მარეგულირებელი კომისია აღნიშნული პროექტის მომზადებას ევროდირექტივების შესრულების ვალდებულებას უკავშირებს, რა არგუმენტიც დღეს კომიტეტის სხდომაზე მიწვეულმა სამაუწყებლო კომპანიების წარმომადგენლებმა არ გაიზიარეს.
ტელეკომპანია "კავკასიის" ხელმძღვანელის ნინო ჯანგირაშვილის თქმით, მაუწყებელთა მწვავე რეაქცია პირველ რიგში იმან გამოიწვია, რომ რეგულაციები მეტისმეტად გამკაცრებულია და ბევრად სცდება იმას, რასაც ევროდირექტივები ქართული მხარისგან ითხოვს.
"ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს რა ბიზნესში ვართ. ვიცით, რომ ბიზნესის ამ სფეროში გარკვეული რეგულაციები მოქმედებს, რადგან შეზღუდულ რესურსს ვიყენებთ, მაგრამ არსებობს ზღვარი. 15%-იანი სარეკლამო ზღვარის შემოღება არის ის, რასაც არავითარი ევროდირექტივა არ ითხოვს და კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ეს რატომღაც პროექტში ჩაწერა. ჩნდება ისეთი ინტერპრეტაციები და ფორმულირებები, რაც ევროდირექტივაში საერთოდ არ არის. მაგალითად, პროექტით სპონსორობა იზღუდება როგორც ქრონომეტრაჟის თვალსაზრისით, ასევე შინაარსობრივადაც და შემდეგ სპონსორობის საერთოდ აკრძალვა ხდება", - განაცხადა კომიტეტის სხდომაზე ჯანგირაშვილმა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ საჭიროა გარკვეული ნორმების პროექტიდან ამოღება, ხოლო ახალი რეგულაციების დათქმით – გრძელვადიან პერსპექტივაში ამოქმედებით მიღება.
განხილვისას ყველაზე უფრო კრიტიკული "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იყო, რომლის შეფასებითაც, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით გამოუსწორებელი ზიანი ადგება სარეკლამო ბაზარს, "რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ფინანსურად დამოუკიდებელი მედია გაქრება". ნიკა გვარამიას თქმით, სარეკლამო წესრიგი მნიშვნელოვანია, მაგრამ გაცილებით მეტად მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება.
ტელეკომპანია "მაესტროს" დირექტორი ბაჩო კიკაბიძე კი ფიქრობს, რომ ზოგადად ცვლილებები მისაღებია, მაგრამ რეკლამის წუთობრივ შეზღუდვებთან დაკავშირებული მუხლი მყისიერად – 2015 წლიდან არ უნდა ამოქმედდეს.
პროექტის განხილვა პარლამენტში მომავალი კვირიდან გაგრძელდება.