პოლიტიკურ დებატებში ჩვენ ვერ ჩავერევით

პოლიტიკურ დებატებში ჩვენ ვერ ჩავერევით

პოლიტიკურ დებატებში ჩვენ ვერ ჩავერევით, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა ევროპარლამენტში გამართული დებატების და შერჩევით სამართალთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო იმისთვის არსებობს, რომ ნებისმიერი შეტანილი საქმე ძალიან ობიექტურად და მიუკერძოებლად განიხილოს.

"ეს ყველაფერი ჯამში თავს იყრის დამოუკიდებლობაში. სასამართლოს დამოუკიდებლობა რა დონეზეა, ეს ძალიან ბევრმა ადამიანმა, უცხოელმა ექსპერტმა დაადასტურა 2014 წელს – ძალიან მაღალ დონეზეა. თუმცა არის ხარვეზები, რაც ასევე გამოითქვა და ღიად გაცხადდა, რასაც მე ნაწილობრივ ვეთანხმები", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.

ევროპარლანეტში, რეზოლუციის საკითხზე გამართული დებატებისას ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, თუმცა ქვეყნის პოლიტიკურ კლიმატს გაუმჯობესება სჭირდება.

მისი თქმით, თავიდან უნდა იქნას აცილებული პოლიტიკური კონფრონტაცია და პოლარიზაცია.

"საქართველომ სასამართლო სისტემის რეფორმა უნდა განაგრძოს და უზრუნველყოს სამართლის უზენაესობა. ჩვენ მივესალმებით საქართველოს მზადყოფნას განაგრძოს რეფორმები, კონკრეტულად სასამართლო სფეროში, სამართლის უზენაესობის განმტკიცების და თითოეული მოქალაქის უფლების დაცვით, დისკრიმინაციის გარეშე. სასამართლო დევნა გამჭვირვალე უნდა იყოს, პროპორციული და პოლიტიკური მოტივებისგან თავისუფალი", - განაცხადა ევროკომისარმა.