საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფში ერთიანი პოზიცია არ არის

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფში ერთიანი პოზიცია არ არის

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფში ერთიანი პოზიცია არ არის. ჯგუფის წევრები: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე იური ტაბუცაძე, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი თვლიან, რომ მოსამართლე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით არ უნდა ინიშნებოდეს, რადგან ეს მოსამართლის დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის.

გამოსაცდელი ვადის დანიშვნის სანაცვლოდ კი, მათი აზრით, უნდა გართულდეს მოსამართლის შერჩევის პროცედურები. ანალოგიური პოზიცია აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნამდე, გამოსაცდელი ვადით დანიშვნის წესს მხარს უჭერენ სამუშაო ჯგუფის წევრი პარლამენტარები. როგორც დღევანდელ განხილვაზე ითქვა, სწორედ გამოსაცდელი ვადის პერიოდში კარგად წარმოჩინდება, თუ რამდენად შეიძლება ამა თუ იმ მოსამართლის უვადოდ დანიშვნა. დღევანდელ შეხვედრაზე კონსენსუსი და პოზიციების შეჯერება ვერ მოხერხდა. საკითხზე დისკუსია მომავალშიც გაგრძელდება.