საქართველო არც სვაზილენდის სამეფოა და არც სახას რესპუბლიკა

საქართველო არც სვაზილენდის სამეფოა და არც სახას რესპუბლიკა

საქართველო არც სვაზილენდის სამეფოა და არც სახას რესპუბლიკა, რომ როცა უცხოეთიდან რაღაც პროგრამას გიგზავნიან, თქვა, რომ არის საერთაშორისო სტანდარტის, - ამ შეფასებით მთავრობას და განათლების სამინისტროს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის ხელმძღვანელმა ვანო კიღურაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიმართა.

კიღურაძის პროტესტი ამჯერად "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილმა ცვლილებებმა გამოიწვია, რომელიც თავის მხრივ მილენიუმის პროგრამის ფარგლებში, საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებს შორის გაფორმებულ საერთაშორისო ხელშეკრულებას ეხება და ქართულ უმაღლესს სასწავლებლებში მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის დარგებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვას ითვალისწინებს. პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი უცხოური პროგრამების აღიარებას, აკრედიტირებას ითვალისწინებს, რომლის დამტკიცებასაც მთავრობა პარლამენტისგან დაჩქარებული წესით ითხოვს.

სწორედ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა გახდა კიღურაძის პროტესტის მიზეზი. როგორც განათლების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ეს არის საკითხი, რომელიც "დამშვიდებულად" განხილვას და ამ პროცესში მეცნიერთა თანამონაწილეობას საჭიროებს და არა "ფართხა-ფურთხით" მიღებას.

"ჯერ ერთი კარგი იქნება, ვიდრე სამინისტრო ინიციატივას მთავრობის სხდომაზე გაიტანს, კონსულტაციები განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან ჩატარდეს. ინიციატივა სან დიეგოს უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული საბაკალავრო პროგრამების ქართულ უნივერსიტეტებში დანერგვას ეხება, ყოველგვარი შემოწმების და ყოველგვარი ექსპერტიზის გარეშე. სხვა საგნებთან ერთად შემოთავაზება ეხება მათემატიკასაც. მაქვს კითხვა, გაირა თუ არა ამ საბაკალავრო პროგრამებმა ექსპერტიზა საქართველოში? მაგალითად, მათემატიკის საბაკალავრო პროგრამას, რომელი მეცნიერ-მათემატიკოსის დასკვნა აქვს. არ შეიძლება ასე ზერელედ გაკეთდება. მოდი, საკითხი მშვიდად, წყნარად, ექსპერტების მონაწილეობით განვიხილოთ. მილენიუმის პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და რაც საქართველომ ჩვენი უმაღლესი სასწავლებლების საკეთილდღეოდ რაც შეიძლება ოპტიმალურად უნდა გამოიყენოს და რატომ იქცევა ქვეყანა ასე, რომ დაჩქარებულად უნდა განვიხილოთ, არ ვიცი", - მიმართა მთავრობის საპარლამენტო მდივანს შალვა თადუმაძეს ვანო კიღურაძემ.

კიღურაძემ ისიც აღნიშნა, რომ საქართველოში, მათემატიკისა და ფიზიკის მიმართულებით სწავლას ნიჭიერი ახალგაზრდების ძალიან მცირე რაოდენობა აგრძელებს და შეიძლება მათთვის ისეთი პროგრამის შეთავაზება მოხდეს, რომელზეც "ათჯერ მეტს" საქართველო შესთავაზებს.

როგორც კიღურაძის პასუხად მთავრობის საპარლამენტო მდივანმა განმარტა, მიიღებს თუ არა კონკრეტული შემოთავაზებული პროგრამები მეცნიერთა დასკვას, ეს საერთაშორისო ხელშეკრულებაზე ვერ იმოქმედებს. თადუმაძის თქმით, 25 დეკემბერს აპლიკაციების შევსება იწყება, ხოლო მომავალ წელს მისაღები გამოცდები საბაკალავრო პროგრამებზე წარდგენილი კანონით დადგენილი წესით უნდა განხორციელდეს. თადუმაძის განმარტებით, უმაღლესს სასწავლებლებს მთელი რიგი პროცედურები აქვთ გასავლელი აკრედიტაციისათვის, რათა მზად იყვნენ, ამერიკულ უმაღლესს სასწავლებლებში დანერგილი საბაკალავრო თუ სამაგაისტრო პროგრამების გადმოსატანად.

სწორედ ამ მიზეზით ახსნა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ინიცირებული პროექტის პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღების მოთხოვნა.