გიორგი მარგველაშვილმა თურქმენეთის ღირსშესანიშნაობები მოინახულა

გიორგი მარგველაშვილმა თურქმენეთის ღირსშესანიშნაობები მოინახულა

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა თურქმენეთის კულტურული ღირსშესანიშნაობები მოინახულა. ქვეყნის პირველი პირი დელეგაციასთან ერთად დაბა ყივჩაღს ესტუმრა, სადაც თურქმენეთის პირველი პრეზიდენტის საფარმურატ ნიაზოვის მავზოლეუმი გვირგვინით შეამკო. სახელმწიფოს მეთაურმა საფარმურატ ნიაზოვის სახელობის „თურქმენბაშის სულიერების მეჩეთიც" დაათვალიერა. დაბა ყივჩაღში საქართველოს პრეზიდენტს თურქმენეთის მუფტმა მეკან აკიევმა უმასპინძლა.

გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთის საერთაშორისო საცხენოსნო სპორტულ კომპლექსსაც ეწვია, სადაც საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად თურქმენული ჯიშის  „ახალთექური" ცხენების წარმოდგენა გაიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა თურქმენეთის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო და აშხაბადის მერთან რეჯეპგელდი ნურმამედოვთან ერთად საპატიო სტუმართა ხეივანში წიწვოვანი ხე დარგო.

კულტურული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა თურქმენეთის სახელმწიფო კულტურის ცენტრის სახელმწიფო მუზეუმი დაათვალიერა და საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.