ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომ მას ჭიკაიძის ნათესავის გამო ჩაგრავენ. აღნიშნული მიმართვა ოქროპირიძემ საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომაზე გააკეთა.

როგორც ოქროპირიძემ აღნიშნა, ლაშა მახარაძის რეალურ მკვლელს ხელს აფარებენ, რომელიც ჭიკაიძის ნათესავია და  თავად  ბრალი უსაფუძვლოდ აქვს წარდგენილი. ოქროპირიძემ პროკურორსაც მიმართა, რომ  საქმის რეალური არსი იცის და სიმართლე თქვას. ოქროპირიძე ამბობს, რომ პროკურატურის ქმედებები კითხვებს არ პასუხობს, არამედ კითხვებს აჩენს.

"ამ საქმეში ჩემი ხელი საერთოდ არ ურევია. აბაშიძის ქუჩა, სადაც მკვლელობა მოხდა, ბროდვეის მაგვარია და იქ უამრავი ადამიანი დადის. რატომ უნდა მომეკლა ლაშა მახარაძე, რომელთან ერთადაც გავიზარდე, ეს პროკურატურას დასაბუთებული არ აქვს. საქმის მასალებში წერია,  თითქოს მახარაძესთან შეხვედრის დროს მე მას ვკითხე - მიცნო თუ არა. ეს არის სრული სისულელე, იქიდან გამომდინარე, რომ ლაშა მახარაძესთან ერთად გავიზარდე და ამას როგორ ვკითხავდი. რა ვქნა, რომ არ მყავს ისეთი ნათესავი, როგორიც მკვლელს ჰყავს. მინდა, ბიძინა ივანიშვილს ვუთხრა - ვიჩაგრები იმისთვის, რომ ვიღაცის ნათესავს ხელი დააფარონ", - განაცხადა გიორგი ოქროპირიძემ.

მისი თქმით, ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვება და უდანაშაულობას დაამტკიცებს.

"გირგვლიანის საქმე მონაგონი იქნება. გიღირთ 2000-ლარიანი ხელფასი იმისთვის, რომ ადამიანის სიცოცხლე შესწიროთ. უპასუხეთ შეკითხვას, რატომ გამოყავით ბერძენიშვილის საქმე ცალკე წარმოებად, თუკი ეს საქმე შეთითხნილი არ არის. პოლიციის მაღალჩინოსანმა რატომ მითხრა, რომ მოსამართლეს მოვქაჩეთო, ამოიღეთ ვიდეოჩანაწერები და ნახავთ, რომ შემთხვევის ადგილას საერთოდ არ ვყოფილვარ. სიცრუის დეტექტორი მოიტანეთ, მომიხსენით ბრალდება რაც ტყუილად წამიყენეთ. ჩემი სიკვდილით რას მოიგებთ?" - მიმართა პროკურორს გიორგი ოქროპირიძემ.

დღევანდელ პროცესზე ოქროპირიძის ადვოკატმა მოწმეთა ნუსხიდან რამდენიმე პირის ამოღება მოითხოვა. მოსამართლემ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა და რამდენიმე მოწმის ჩვენება საქმეს აღარ დაერთვება. პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე მიმდინარეობს, საქმეს მოსამართლე გერმანე დადეშქელიანი უძღვება.